AS: „ქართველმა მერვე გოლი გაიტანა. ყოველთვის, როდესაც ის მეტიუ რაიანის საჯარიმოში შედიოდა, ხიფათს ქმნიდა. ავსტრალიელმა მეკარემ საუცხოოდ მოიგერია მისი დარტყმული მაღალ კუთხეში, ხოლო დელამ კიდევ ერთ ეპიზოდში კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, რითაც კიდევ ერთი გოლის შეგდების შესაძლებლობა არ მისცა. მოედანზე ის იყო ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელი’’.

ასეთი გახლდათ ქართველი თავდამსხმელისთვის ვალენსიაში გამართული მე-16 ტურის თამაში „ლევანტესა’’ და „ვილიარეალს’’ შორის, რომელიც თავის დროზე დიდი წვიმისა და ღვარცოფის საშიშროების გამო გადაიდო. „ყვითელმა’’ წყალქვეშა ნავმა გაიმარჯვა 1:0 და 24 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე დამკვიდრდა უსწრებს რა „ატლეტიკოს’’ 3 ქულით.

„მარკამ’’ ქართველ ფეხბურთელს „ვილიარეალის’’ მეკარე ლუის ჟუნიორთან და ნახევარმცველ ალბერტო მოლეიროსთან ერთად ორი ვარსკვლავი დაუწერა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება იყო.

გაცილებით გულუხვი გამოდგა ElDesmarque რომელმაც ჟორჟის თამაში 9 ქულით შეაფასა და დაწერა: „ის მიმართავდა გრძელ დრიბლინგებს რითაც წინ მიჰქონდა ბურთი. ჩადიოდა უკან, რათა ნახევარმცველებისგან პასი მიეღო. მეორე ტაიმში მან გაიტანა გოლი, რომელმაც „ვილიარეალს’’ მოაგებინა’’.

მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მარსელინომ ქართველი თავდამსხმელის შესახებ თქვა: „ვხედავ რა კარგად მუშაობს და ამას მარტო გოლების გამო არ ვამბობ. ის გაცილებით მეტად არის თამაშში ჩართული, გუნდის ტაქტიკას უკეთ უღებს ალღოს, თანაგუნდელებთან უკეთეს კოორდინაციაშია და მენტალურად მოქნილია. პლუს, თავდამსხმელისთვის გოლი დიდი სტიმულია. თუმცა მთავარი გუნდური თამაში და კოლექტივიზმია’’.

flashscore – 7.6 (მეხუთე შეფასება „ვილიარეალში’’); sofascore – 7.8 (ყველაზე მაღალი შეფასება „ვილიარეალში’’); whoscored – 7.6 (მეხუთე შეფასება „ვილიარეალში’’); fotmob – 8.1 (მეორე შეფასება „ვილიარეალში’’).

„ვილიარეალს’’ შემდეგი თამაში კვირას (საქართველოს დროით უკვე ორშაბათს) შუაღამისას „ვალენსიასთან’’ აქვს.