ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად „პარი სენ ჟერმენმა’’ მონაკოში 3:2 მოიგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა, რომელიც ლუი მეორის სახელობის სტადიონზე გაიმართა და რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 69 წუთი დაჰყო.
პარიზელთა მთავარი გმირი რასაკვირველია დეზირე დუე გახლდათ. ის მოედანზე 27-ე წუთზე ოსმან დემბელეს ნაცვლად შევიდა და შესვენებამდე ერთი თვითონ გაიტანა, ხოლო მეორე აშრაფ ჰაკიმის გაატანინა. შესვენების შემდეგ, 67-ე წუთზე დუემ პარიზელთა გამარჯვების გოლიც შეაგდო.
როდესაც ანგარიში იყო 2:0 მასპინძლების სასარგებლოდ კვარაცხელიამ პენალტი მოინადირა, მაგრამ ვიტინიამ ვერ გაიტანა, ფილიპ კონმა აუღო.
შეხვედრაში იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: 48-ე წუთზე ვიტინიას წინააღმდეგ უხეშობისთვის მსაჯმა „მონაკოს’’ ალექსანდრ გოლოვინი გაუძევა მოედნიდან. ამის შემდეგ შეხვედრის სურათი შეიცვალა. თამაში ფაქტობრივად ცალკარა გახდა.
maxifoot-მა ქართველ გარემარბს უორენ ზაირ-ემერისთან ერთად სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეთაგან (ეს საიტი შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს არ აფასებს) ყველაზე მაღალი ქულა 6.5 დაუწერა. პორტალმა მისი თამაში სიტყვიერად ასე დაახასიათა: „ის „მონაკოს’’ პრობლემებს უქმნიდა. მან შთამბეჭდავი გარღვევით პენალტი მოიპოვა, მაგრამ ვიტინიამ ვერ გაიტანა. მეორე ტაიმში მან სწორად შეარჩია მომენტი და დიდებული გარღვევის შემდეგ კინაღამ გოლი შეაგდო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. კვარაცხელიას თამაშში ენერგია შეჰქონდა. საკვანძო როლი შეასრულა დუეს მეორე გოლში’’.
footmercato-ს აზრით კვარაცხელიას ნევეშს და პაჩოს 6 ქულა ეკუთვნოდათ, ზაირ-ემერის 6.5, ხოლო დუეს – 8.5.
„მარჯვენა ფრთაზე განწესებულ ქართველს თავის გამოჩენისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია, მან მე-13 წუთზე შუიდან თავისი პირველი გარღვევა შეასრულა, მე-20 წუთზე კი პენალტი მოიპოვა, როდესაც ბელგიელმა ვაუტ ფასმა საჯარიმოში წააქცია. კვარაცხელიამ რვაჯერ სცადა ბედი, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ყველაზე თვალშისაცემი იყო ქართველის მიერ შექმნილი მომენტები 35-ე და 45-ე წუთებზე. 57-ე წუთზე ზაირ-ემერის მიაწოდა პასი, რომლითაც დაიწყო კომბინაცია, რომელიც დუეს მეორე გოლით დაიწყო’’.
flashscore – 7.8 (მასამე შეფასება დუესა და ჰაკიმის შემდეგ); sofascore – 7.3 (მეორე შეფასება დუეს შემდეგ); whoscored – 7.1 (მეორე შეფასება დუეს შემდეგ); fotmob – 7.5 (მერვე შეფასება თანაგუნდელთა შორის).




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
