
„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩის წინ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელს ლუის ენრიკეს არ აშფოთებს ოსმან დემბელეს კომენტარი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა რენში წაგების შემდეგ გააკეთა. მას პსჟ-ს თამაშის ხარისხი აინტერესებს. ესპანელმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი.
– პსჟ-ს ჰყავს აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში, ძალიან აქტიური განაპირა მცველები. ამით თქვენი გუნდი „მონაკოს’’ ჰგავს, რომლის რიგებშიც ვანდერსონი და კაიო ენრიკი თამაშობენ. როგორ ფიქრობთ, შეხვედრის ბედს ფლანგის მოთამაშეების დაპირისპირება ხომ არ გადაწყვეტს?
– შეუძლებელია ილაპარაკო ორ ფეხბურთელზე, როდესაც ორივე გუნდში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა. ველოდები იმის მსგავს შეხვედრას, როგორიც ჩვენს გუნდებს შორის რამდენიმე თვის წინ გაიმართა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არაფერს შევცვლით.
– ოსმან დემბელემ „რენთან’’ შეხვედრის შემდეგ თანაგუნდელებს მოუწოდა თავისთვის კი არა, გუნდისთვის ითამაშონ. როგორ ფიქრობთ, ეს მოწოდება ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება?
– პსჟ-ს გარშემო ყოველთვის დიდი ხმაურია და ეს ფაქტად უნდა მივიღოთ. სულ ეს არის რასაც ამ კითხვის პასუხად ვიტყვი.
– დემბელესთან მისი პარასკევის განცხადების მერე ხომ არ გისაუბრიათ?
– როგორც ვთქვი პსჟ-ს გარშემო ყოველთვის ძალიან დიდი ხმაურია. ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ.
– ბრეტანში მარცხის შემდეგ თქვენი ფეხბურთელები როგორ განწყობაზე არიან?
– თუ გადავხედავთ რამდენი საგოლე მომენტი შევქმენით „მარსელთან’’ და „რენთან’’ შეხვედრებში, ვნახავთ, რომ მათი რაოდენობა დაახლოებით ტოლია. არადა, „ლე კლასიკში’’ ხუთი გოლი გავიტანეთ, ხოლო „რენთან’’ ერთი. ბოლო მატჩში ჩვენ იმიტომ დავმარცხდით, რომ მოწინააღმდეგემ თავისი წილი შანსები გამოიყენა. რასაკვირველია, სჯობდა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი მოგებულის შემდეგ გვეთამაშა, მაგრამ ასეთი სირთულეების გადალახვას ნაჩვევები ვართ. ახლა იწყება ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა და ჩვენ მოტივაცია არ გვაკლია.
– თქვენი მეტოქე ლიგა 1-ის კლუბია. ეს მიდგომაში რაიმე განსხვავებას იძლევა?
– მთავარია ყურადღება არ მოვადუნოთ და ძველებურად ვითამაშოთ. უნდა შევეცადოთ ჩვენი საქმე კარგად შევასრულოთ და მოვიგოთ. აი, ეს არის ჩვენი მიზანი. მენტალიტეტი არ შეგვიცვლია. მონაკოში მოსაგებად ჩამოვედით.
– „ნიუკასლთან’’ თამაშის წინ თქვენ თქვით, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ თავის ნამდვილ სახეს ნოკაუტის ეტაპზე აჩვენებს. როგორ ფიქრობთ, ხართ ამისთვის მზად?
– როგორც ყოველთვის ახლაც ვიმედოვნებ, რომ პსჟ-ს საუკეთესო ვერსიას ვნახავთ. ბოლო წლებში დავრწმუნდით, რომ ჩვენ შეგვიძლია წავაგოთ პირველი თამაში, მაგრამ მეორეში გავიმარჯვოთ. ჩვენი ამოცანა ყველა შეხვედრის მოგებაა. ჩვენს მენტალიტეტში არაფერი შეცვლილა.
– ელით, რომ თქვენი გუნდი ბურთს უფრო მეტად გააკონტროლებს ვიდრე ეს „რენთან’’ შეხვედრაში გააკეთა?
– თუ გუნდზე იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, თუ რა ვიცი მე მის შესახებ, რასაკვირველია ველი. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც უკეთ შეუძლიათ თამაში, მაგრამ სეზონს სხვადასხვა ფაზები აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ამ ეტაპზე გვჭირდება. ჩვენ კარგად ვიცით თუ რა ძნელია სტუმრად გამარჯვება. საბედნიეროდ საკუთარი შესაძლებლობების გვწამს.
– ხომ არ შიშობთ, რომ საგოლე მომენტების გამოყენების პრობლემა ცუდ როლს ითამაშებს?
– ეს პრობლემა გასულ სეზონშიც აშკარა იყო. ჩვენ ჩემპიონთა ლიგა ასევე არაეფექტურად დავიწყეთ, მაგრამ იმდენ საგოლე მომენტს ვქმნიდით, რომ ვხვდებოდით – მეტოქეებს ვჯობივართ. დარწმუნებული ვარ, რამ ამ ეფექტურობას დავიბრუნებთ.
– „ლუი მეორეს’’ სტადიონზე სულ რაღაც შარია. ხან შევალიე დაშავდა, ხან დონარუმა. 2024 წელს იყო მბაპეს ეპიზოდი, როდესაც ის პირველი ტაიმის მერე შეცვალეთ, მაგრამ მეორეში თანაგუნდელებთან კი არ დაჯდა, ტრიბუნაზე ავიდა. როგორ ფიქრობთ, ამჯერად უფრო წყნარი საღამო იქნება?
– არ ვიცი. ჩვენს მეკარეებს აქ თამაში აღარ უნდათ და იქნებ საერთოდ მეკარის გარეშე გავიდეთ მოედანზე.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
