„ბარსელონამ’’ ჟირონაში უპირატესობა გაუშვა ხელიდან და წააგო – 1:2. ესპანური პრესა თანხმდება, რომ უპირველეს ყოვლისა მდგომარეობა თავად „ბლაუგრანამ’’ გაირთულა, შემდეგ კი იყო მსაჯის რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება. ეს კატალონიელთა მთავარი გუნდისთვის გადაულახავი პრობლემა გამოდგა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა პენალტი გაარტყა ძელს. პლუს „ბარსა’’ დაცვაში თამაშობდა ძალიან ცუდად. ამიტომაც თქვა მატჩის შემდეგ მისმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, მსაჯობით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან თავის გამართლება გამომივა, მაშინ როდესაც ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი ჩვენივე ცუდი თამაშიაო.
ფლიკმა როგორც კი შანსი მიეცა რაფინია დააბრუნა შემადგენლობაში. საინტერესოა, რომ იმ ექვს შეხვედრაში, რომელიც აქამდე „ბარსელონამ’’ ამ სეზონში წააგო, რაფინია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. ამჯერად კი ბრაზილიელი თავიდანვე მოედანზე გახლდათ, მაგრამ იზოლირებული იყო. რაც შეეხებათ თავდამსხმელებს, ფერან ტორესსა და რობერტ ლევანდოვსკის (პოლონელი მოედანზე სწორედ ტორესის მაგივრად შევიდა), მათ ბურთი იშვიათად მისდიოდათ.
ანგარიში 59-ე წუთზე მაინც „ბარსამ’’, კერძოდ პაუ კუბარსიმ გახსნა, მაგრამ სამ წუთში ტომა ლემარმა გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ფრან ბელტრანმა მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო.
90+9 წუთზე იამალის წინააღმდეგ უხეშობისთვის არბიტრმა ჯოელ როკა გააგდო მოედნიდან.
„ბარსელონამ’’ ცხრილის სათავეში დაბრუნების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
