Mbappe and Vinicius tore Monaco apart.ვინისიუს ჟუნორი 18 თვის განმავლობაში მოედანზე თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ ბოლოხანს ისევ ძველ ვინის მოგვაგონებს. რამდენიმე კვირაა ბრაზილიელი კარგად თამაშობს, რაც „რეალის’’ გულშემატკივარს ახარებს, რადგან უკვე ხშირად ისმოდა ლაპარაკი მისი მადრიდიდან წასვლის შესახებ.

ვინისუსს ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2027 წლის ივნისში ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი ჯერ არაფერი ისმის. ამის მიუხედავად AS-თან ინტერვიუში ფეხბურთელმა თქვა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ თავს ბედნიერად გრძნობს.

„დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ. „რეალში’’ ვთამაშობ, მაქვს ის ცხოვრება როგორიც მინდა და ოჯახიც მახარებს. ამაზე მეტი რა უნდა ინატრო, როდესაც მოედანზეც და მის მიღმაც თავს ბედნიერად გრძნობ’’, ― თქვა თავდამსხმელმა.

წერდნენ, რომ ვინისიუსმა 2024 წელს დაუკლო, ანუ მას მერე რაც „რეალში’’ „პარი სენ ჟერმენიდან’’ კილიან მბაპე გადავიდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ ის და ფრანგი ერთმანეთს მოედანზეც კარგად ეწყობიან და მოედანს მიღმაც.

„კილიანს ყოველ ზაფხულს ვწერდი: როდის ჩამოდიხარ ბოლოს და ბოლოს-მეთქი ? მისი აგენტივით ვიქცეოდი. იგივეს ვაკეთებდი ჯუდ ბელინგემთან დაკავშირებით. მე მინდა საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ ვითამაშო. ასე გამარჯვების მეტი შანსი გაქვს. ამ ბიჭებთან უფრო მეტ დროს ვატარებ ვიდრე ოჯახის წევრებთან, ამიტომ მათთან კარგი ურთიერთობა უნდა მქონდეს’’.

ვინისიუსს ჰკითხეს, როგორ შეძლო დედამიწაზე მყარად დგომა, ის ხომ ძალიან ახალგაზრდა უკვე დიდი ვარსკვლავი იყო.

„პატარაობაში არავინ გვასწავლის როგორ უნდა იცხოვრო როდესაც ცნობილი გახდები. მე არსაიდან მოვედი და უცებ ისეთი პოპულარული გავხდი, რომ ქუჩაში გასვლა გამიჭირდა. კარგი ის არის, რომ ხალხს უყვარხარ, მაგრამ არის ცუდი მხარეც. ეს ზეწოლა და მოწინააღმდეგის გულშემატკივარი გახლავთ. მაგრამ მე მიყვარს, როდესაც მოწინააღმდეგის გულშემატკივარი გისტვენს. საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ ასეთ წუთებს უძლებენ. „რეალში’’ ჩვენ ნებისმიერი ზეწოლისთვის მზად ვართ’’.

ვინისიუსმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო იმით, რომ პრობლემებთან შეჭიდებულ ბარსელონელ მეტოქესა და მოქიშპეს რონალდ არაუხოს დაურეკა და მოიკითხა.