General director Medhi BENATIA of Marseille and Pablo LONGORIA President of Olympique de Marseille during the Ligue 1 McDonald's match between Paris...
ლონგორია აცას, ბენატია – ბაცას.

„მარსელში’’ სერიოზული ძვრებია: მწვრთნელის რობერტო დე ძერბის გაშვების შემდეგ თანამდებობა დატოვა კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურამ, სპორტულმა დირექტორმა მეჰდი ბენატიამ. მაროკოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც ის გულშემატკივარს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს უხსნის.

ბენატიამ დაწერა, რომ კლიმატი, რომელიც კლუბის გარშემო შეიქმნა გაუსაძლისი გახდა. ზეწოლამ, რომლის ქვეშაც „მარსელი’’ ჩემპიონთა ლიგაში „ბრიუგესა’’ და ლიგა 1-ში „პარი სენ ჟერმენთან’’ მარცხების შემდეგ მოექცა, პროგრესი შეაჩერა, მაგრამ ფრანგულ მედიას გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ ვერსიის უკან სერიოზული სტრუქტურული პრობლემა იმალება. კერძოდ, ბენატიას „მარსელში’’ მისვლის შემდეგ დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სპორტულ დირექტორს პირველ წელიწადს „ქამრის მოჭერის პოლიტიკა’’ უნდა გაეტარებინა, მაგრამ თავის მხრივ აქციონერები იღებდნენ ვალდებულებას, რომ უკვე შემდეგი წლიდან კლუბის ახალ დონეზე ასაყვანად საჭირო რესურსებს გამონახავდნენ. მარსელელთა სამწუხაროდ ასე არ მოხდა, სახსრები არ გამოჩნდა და ბენატიას ფულის საშოვნელად რიგი მანევრების ჩატარება მოუხდა. მან გამოიტანა ნაირგვარი სესხი და განახორციელა ჩახლართული ტრანსფერები, მაგრამ ეს ყველაფერი თავდაპირველი ჩანაფიქრისგან ძალიან შორს იყო. სწორედ ამან დაღალა მწვრთნელი რობერტო დე ძერბიც, რომელიც დადგა ფაქტის წინაშე, რომ თავის მისიას ვერ ასრულებდა.

როგორც ირკვევა, ბენატიაზე აგრეთვე იმოქმედა არეულობამ კლუბის დირექტორატში. მას პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. არის ეჭვი, რომ ფრანგული კლუბის ესპანელ პატრონს არ მოეწონა როგორ იზრდებოდა სპორტული დირექტორის ავტორიტეტი ფეხბურთელებს შორის. გარდა ამისა, „მარსელის’’ ოფისიდან გამოვიდა ხმები, რომ ლონგორია ძალიან გააღიზიანა „სტრასბურთან’’ შეხვედრის დროს „ველოდრომის’’ ტრიბუნებზე გამოფენილმა ბანერებმა და დე ძერბის გაშვების ფორმამ ― როგორც ჩანს პრეზიდენტს ბოლო შედეგების გამო იტალიელი მწვრთნელის დასჯა უნდოდა.

დღეს დე ძერბისა და ბენატიას ოთხ დღიან მონაკვეთში ერთმანეთის მიყოლებით დაკარგვის შემდეგ ლონგორია სერიოზული კრიზისის წინაშეა. „მარსელის’’ ულტრასები აჯანყების ზღვარზე არიან. თავის საჯარო წერილში ბენატია ხაზს უსვამს, რომ კლუბის კრიზისიდან გამოსაყვანად რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. რა მოხდება ჯერჯერობით უცნობია. ერთი ფაქტია, რომ მისი წასვლა ზღვისპირელებს დიდ გაურკვევლობაში ტოვებს.