საქართველოს ბორჯღალოსნებმა ამსტერდამის ეროვნული სარაგბო ცენტრის მომცრო სტადიონზე იქაური ნაკრები 61:12 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ „ა“ ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნეს.
პირველ ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა, რომელიც არსებითად უფრო მაღალი დონის გუნდია, ამდენად 5 გატანილი ლელო და არცთუ დიდი სხვაობით – 33:51 მარცხი ერთგვარ მოულოდნელობად ჩაითვალა.
პირველი ტაიმის საწყისი 15 წუთი ზემოთქმულის დასტური იყო – მასპინძლებმა საკმაოდ სოლიდური შთაბეჭდილება დატოვეს და გელა აფრასიძის ჩინებულ ლელოს ულამაზესი ლელოთი უპასუხეს, რომელიც, ქართველებისგან განსხვავებით, ვერ გარდასახეს და მხოლოდ ჩამორჩენა შეამცირეს – 5:7.
სულ მალე ლუკა ივანიშვილმა ჩვენი გუნდი უფრო დააშორა მასპინძლებს და ბორჯღალოსნების დამრტყმელმა ლუკა მატკავამ ეს ლელოც გარდასახა. ივანიშვილისთვის ეს იყო მე-5 ლელო 28-ე სანაკრებო მატჩში.

ამის მერე, დროის 6-წუთიან მონაკვეთში ჩვენმა მგეზავმა ორი ერთი მეორეზე უკეთესი ლელო დადო – ორივე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, თან ორივე გარდასახა და მანამდელ 4 ქულას კიდევ 14 წაუმატა. ტაიმიც მალევე დასრულდა – 28:5.
ნიდერლანდელებმა მეორე ნახევრის დებიუტშიც გაიბრძოლეს და და კიდევ ერთი ლამაზი ხელდახელ შეტევით ეფექტური ლელო გაგვიტანეს, რომელიც გარდასახეს კიდეც – 12:28. თუმცა, კლასში სხვაობა მაინც უზარმაზარი იყო და ამის მერე ქულებს მარტო ბორჯღალოსნები აგროვებდნენ. მალევე გელა აფრასიძემ დუბლი შეასრულა და 65 სანაკრებო მატჩში ლელოთა ანგარიში 9-ს გაუტოლა. მატკავამ, ცხადია, გარდასახა. 35:12.
ამის მერე საქმეში მძიმე არტილერია ჩაერთო. ჯერ იყო და, მარქაფიდან თამაშში აქტიურად ჩართულმა დებიუტანტმა მარცხენა ბურჯმა მამუკა მსტოიანმა თავისი ფიზიკური ძალის ხარჯზე სადებიუტო ლელოც მიითვალა, 15 წუთში კი ასევე სადებიუტო ლელო, ოღონდ მე-2 სანაკრებო მატჩში მარჯვენა ბურჯმა ბაჩუკი ჭუმბაძემ იზეიმა, ხოლო მატკავამ ორივე ჯერზე ზუსტად გარდასახა – 49:12.
მომდევნო შეტევაში გარემარბად მოთამაშე ოთარ მეტრეველმა მე-2 სანაკრებო მატჩიც აღნიშნა ლელოს გატანით, თუმცა ბურთი ფაქტობრივად კიდეზე დაამიწა და ძლიერი ქარის პირობებში ლუკა მატკავამ თავისი უნაკლო სვლა შეაჩერა – 54:12.

სამაგიეროდ, გაწითლებულ დროში, როცა გიორგი შველიძემ თავისი მე-6 სანაკრებო კეპი პირველი ლელოთი გაალამაზა, მატკავამ კვლავ გაისწორა მიზანი და მატჩს წერტილი დაუსვა – 61:12.
ლუკა მატკავამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური შედეგი დააფიქსირა – 2 ლელოთი და 8 გარდასახვით 26 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მისი კარიერული სტატისტიკა 34 კეპს, 5 ლელოსა და ჯამურ 243 ქულას გაუტოლდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს შაბათს, 21 თებერვალს „ავჭალაზე“ გამართავს. 15 საათზე ბორჯღალოსნები ესპანელ „ლომებს“ დაუპირისპირდებიან, რომლებმაც შინ შვეიცარიელებს 9 ლელო გაუტანეს და 54:14 იმარჯვეს, თუმცა გატანილ-გაშვებული ქულების უარესი სხვაობის გამო ჯგუფის ლიდერობას საქართველოს ნაკრებს უთმობენ.





![კიტე-დუბლი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kiteishvili-1-218x150.jpg)