მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენმა’’ „რენთან’’ 1:3 წააგო, „ლანსს’’ ლიგა 1-ის ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩრდილოელებმა „პარკ დე პრენსის’’ გვერდით მდებარე „სტად ჟან ბუენზე’’ 5:0 მოუგეს დედაქალაქის მეორე გუნდ „პარიზს’’.
კარგად ესმოდათ რა შეხვედრის მნიშვნელობა პიერ საჟის ბიჭებმა თამაში სწრაფად დაიწყეს. უკვე მერამდენედ გამოავლინა ეფექტურობა ფლირიან ტოვენისა და უესლი საიდის წყვილმა, თუმცა შეხვედრის დეტალების აღწერას არ შევუდგებით. მოვიტანთ რამდენიმე ციტატას საჟის მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენციიდან.
„ყოველთვის, როდესაც შექმნილი შემადგენლობიდან გამომდინარე ვიცოდით, რომ ცხრილის სათავეში აღზევება შეგვეძლო, მიზანს მივაღწიეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს კარგად ესმით, თუ რა გამოწვევის წინაშე დგანან. დღეს ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ და მას სრული სერიოზულობით ვუდგებით. ასეთი მენტალიტეტი საშუალებას გვაძლევს სხვა შეჯიბრებებში, მაგალითად საფრანგეთის თასზე შევინარჩუნოთ ამბიცია…
…ვიცი, რომ 12 აპრილს „პარი სენ ჟერმენთან’’ უშუალო დაპირისპირება გველის. რასაკვირველია, ამ თამაშზე ვფიქრობ, მაგრამ აპრილამდე ჯერ დროა და გვინდა ამ შეხვედრას საუკეთესო პირობებით შევხვდეთ. მანამდე ბევრი მოწინააღმდეგის დამარცხება გვჭირდება, შემდეგ კი პსჟ-თან თამაშზეც ვიდარდებთ, ან… პსჟ იდარდებს ჩვენთან თამაშზე’’.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
