ილია ზაბარნი „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბორნმუთისგან’’ 63 მილიონ ევროდ იყიდა. საფრანგეთის დედაქალაქის კლუბს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინელი ცენტრალური მცველი მყისიერად გახდებოდა მარკინიოსის კონკურენტი და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებდა ადგილს. Maxifoot-ის თქმით, 23 წლის ახალწვეული მეტწილად წარუმატებლად თამაშობს.
ბოლო შეხვედრაში, რომელიც ჩემპიონმა რენში 1:3 წააგო, ზაბარნი კვლავ გუნდის ერთ-ერთი სუსტი რგოლი გამოდგა. მან რამდენჯერმე წააქცია მოწინააღმდეგე, რის გამოც მეორე ტაიმში შეიძლებოდა მსაჯს დაესაჯა. „რენის’’ მეორე გოლის ეპიზოდში კიეველმა სათანადოდ ვერ შეძლო ესტებან ლეპოლის მეურვეობა. შედეგად, ზემოხსენებულმა საიტმა რომელიც ზოგადად მკაცრი შეფასებებით არის ცნობილი, მას 10-დან 2 ქულა დაუწერა.
„ის, რაც რენში ვნახეთ მორიგი კატასტროფა იყო, – თქვა რადიო RMC-ში „აიაჩოს’’ ყოფილმა ფეხბურთელმა მაქსიმ შანომ, – საწყალ პაჩოს მოწინააღმდეგეების გარდა ზაბარნის მეურვეობაც მოუხდა, რის გამოც დამატებითი კილომეტრები ირბინა. მე რომ ლუის ენრიკე ვიყო, ზაბარნის სარეზერვო გუნდში გადავიყვანდი. ის საშინლად თამაშობს. როდესაც ბურთი ერთი შეხებით უნდა მოიშოროს მის თრევას იწყებს და როდესაც უნდა გააგოროს, ერთი შეხებით იშორებს. თუკი პსჟ-ს ფეხბურთელი ხარ და დიდ ხელფასს იღებ, ცოტა თამაშიც უნდა შეგეძლოს’’.
მოჰყავს რა ასეთი დაუნდობელი შინაარსის ციტატა Maxifoot წერს, რომ არაერთი ჩავარდნის მიუხედავად ლუის ენრიკე ზაბარნის მაინც ენდობა. ესპანელმა 2025-26 წლების სეზონში უკრაინელი გასაკვირად ბევრ, 25 შეხვედრაში ათამაშა. ლაპარაკია ყველა შეჯიბრებაზე ერთად. წუთებში ეს 1775-ს უდრის. საჯარო გამოსვლების დროს ლუის ენრიკე მცველის შექების შანსს არ შვებს ხელიდან:
„არ გეთანხმებით. ჩვენ ფეხბურთელების შერჩევას ძალიან ფრთხილად ვუდგებით. ადაპტაციის პერიოდი ყველას სჭირდება. ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში ვიყიდეთ, არ მადარდებენ’’ – თქვა მწვრთნელმა „რენთან’’ თამაშის შემდეგ.
Maxifoot კი სტატიის ბოლოს მაინც წერს, რომ ზაბარნის თამაში „პარი სენ ჟერმენისთვის’’ სახიფათო და არასასურველია.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
