ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონა’’ „ატლეტიკოსთან’’ 0:4 განადგურდა. 1960 წლიდან მოყოლებული ეს გახლდათ „ბარსას’’ ყველაზე დიდი მარცხი „ატლეტიკოსთან’’. გარდა ამისა, კატალონიელების გერმანელი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის გუნდს ასეთი დიდი ანგარიშით არასდროს წაუგია. ფლიკთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ „ბარსას’’ ერთ ტაიმში ოთხი გოლი არასდროს გაუშვია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სწორედ ფლიკის „ბაიერნმა’’ მოუგო 8:2.

მატჩის შემდეგ გერმანელი პრესის წინაშე თავშეკავებული იყო. მან თქვა, რომ პირველ ტაიმში მისმა ფეხბურთელებმა კარგი გაკვეთილი მიიღეს, თუმცა იქვე დასძინა, რომ თავისი ბიჭებით ამაყობს. ყველაზე მეტად ფლიკი გააღიზიანა მსაჯობამ, კერძოდ კი VAR-ზე რვაწუთიანმა გარჩევამ.
ამასობაში Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჯაროდ გამოვლენილი სიმშვიდის მიუხედავად გასახდელში ფლიკი გაცეცხლდა. გამოცემა წერს, რომ „ბარსელონას’’ ფეხბურთელებს მწვრთნელი ასეთი გაბრაზებული არასდროს უნახავთ. ის ყვიროდა.
„თქვენ კიდევ უფრო დიდი ანგარიშით იმსახურებთ წაგებას’’, – უთქვამს მწვრთნელს შესვენებისას.





