უნგრულმა გამოცემამ „ნემზეთი შპორტმა’’ (ეროვნული სპორტი) ერთა ლიგის კენჭისყრას მიუძღვნა რამდენიმე წერილი: B2 ჯგუფში მოხვდნენ უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილოეთ ირლანდია. უნგრელმა ჟურნალისტებმა დაახასიათეს თავიანთი ნაკრების სამივე მეტოქე. საქართველოს ნაკრების დახასიათებას მისი ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის კომენტარიც დაურთეს.

გაზეთმა, რომელიც უნგრეთში 1903 წლიდან გამოიცემა დაწერა: „ბევრს ახსოვს საქართველოს ნაკრების ფანტასტიკური გამოსვლა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. თურქებთან წაგების შემდეგ მათ ფრედ ითამაშეს ჩეხებთან და მოუგეს პორტუგალიას, რის შედეგადაც დააგროვეს 4 ქულა, გავიდნენ მერვედფინალში და იქ მომავალ ჩემპიონთან ესპანეთთან წააგეს. საქართველომ ითამაშა სასიამოვნო შემტევი ფეხბურთი, თუმცა კარგი ფორმის შენარჩუნება ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში ვეღარ შეძლო (ჩეხეთისა და უკრაინის ნაკრებთა შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა). ფლეი-ოფში  სომხეთის ძლევის წყალობით ქართველებმა B ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებისთვის არც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში აეწყო საქმე კარგად ― გუნდი ესპანეთის და თურქეთის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა და ისე, როგორც ბოლოზე გასულმა ბულგარეთმა 3 ქულა მოიპოვა. საქართველოს ნაკრებს სათავეში უდგას 58 წლის ვილი სანიოლი, რომელმაც ფეხბურთელობისას საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოიპოვა.

ვილი სანიოლი: „ჩვენი განვითარებისთვის ასეთი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელებმა ერთა ლიგის წინა გათამაშებაში პირად შეხვედრებში გვაჩვენეს რამდენად ძლიერები არიან, ჩრდილო ირლანდიელების ინტენსიური ბრიტანული სტილი კი არაკომფორტულია. რაც შეეხებათ უნგრელებს მათ ბოლო ათ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწიეს. ისინი ერთა ლიგის წინა გათამაშებაში A ლიგაში გამოდიოდნენ. ბოლოს ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ვნახე და ყურადღება მივაქციე, რომ მას ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა შორის საუკეთესო რასაკვირველია დომენიკ სობოსლაია. პატარა საქართველოსთან შედარებით უნგრეთი დიდი ქვეყანაა და მასთან შეჯიბრება საინტერესო გამოცდილება იქნება. ეს დაპირისპირება გვაჩვენებს, სად ვართ ფეხბურთის იერარქიაში’’.