Trai Hume
ჩრდილო ირლანდია მუნდიალზე 1986 წლის მერე არ ყოფილა

ჩრდილო ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი მაიკლ ო’ნილი ამბობს, რომ ერთა ლიგის B2 ჯგუფში იოლი თამაშები არ იქნება ― ბრიუსელში ჩატარებულმა კენჭისყრამ ერთად შეყარა უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილო ირლანდია.

ერთა ლიგამდე, რომლის გათამაშებაც სექტემბერში იწყება, ჩრდილო ირლანდიელებს მარტში მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფში უწევთ იტალიასთან შეხვედრა. ამ ბრიტანულ გუნდს მუნდიალზე 1986 წლის შემდეგ არ უთამაშია.

რაც შეეხება ერთა ლიგას, ჩრდილო ირლანდიელებმა B დონეზე ასპარეზობის უფლება C-ლიგაში ბულგარეთთან, ბელარუსთან და ლუქსემბურგთან ჯგუფში გამარჯვებით მოიპოვეს.

„ჩვენთვის ერთა ლიგა ძალიან ფასეული და კონკურენტული შეჯიბრებაა, ― თქვა ო’ნილმა, ― რასაკვირველია, ყველა შეხვედრას ამბიციით მივუდგებით. ჩვენთან თამაში ნებისმიერი მეტოქისთვის რთული უნდა იყოს. გულშემატკივარს ჩვენი თამაშის შემყურე სიამაყის გრძნობა უნდა დაეუფლოს’’.

ჩრდილო ირლანდიისა და უკრაინის ნაკრები გუნდების ბოლო გახმაურებული შეხვედრა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიმართა, როდესაც ბრიტანელებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ 2021 წელს ამავე გუნდების ამხანაგური შეხვედრა უკრაინელების გამარჯვებით დამთავრდა.

„ამ ჯგუფში უეჭველად დიდი კონკურენცია იქნება, ― განაგრძო ო’ნილმა, ― ამ დონეზე ადვილი თამაშები არ არსებობს და ამიტომ გამოწვევას ჯეროვანი პატივისცემით ვუყურებთ.  ბოლო წლებში უკრაინას შევხვედრივართ, მაგრამ 2016 წლის მერე არ დაგვიმარცხებია. ჩვენს მეტოქეებს შორის ყველაზე უცნობი გუნდი საქართველოა, მაგრამ ამის გამო ის ნაკლებად საშიში არ არის. უნგრეთი კი კარგად ორგანიზებული ძალისმიერი მეტოქეა, რომელიც ხარისხიანი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მათ შინ გულშემატკივარი განსაკუთრებით დაუჭერს მხარს, ეს კი ჩვენთვის ყოველთვის გამოცდა იქნება’’.

ჩრდილო ირლანდიის ნაკრების ყოფილი მცველი, BBC-ს მიმომხილველი სტივენ კრეიგენი: „კენჭისყრა შეიძლება გაცილებით უარესიც ყოფილიყო. ჩვენს გუნდში საკმარისზე მეტი კარგი ფეხბურთელია იმისათვის, რომ მეტოქეებს წინააღმდეგობა გავუწიოთ. ვფიქრობ, თუ B ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ, ყველა კმაყოფილი დარჩება. ეს სტაბილურობას მოგვიტანს. რასაკვირველია, ქვეყანა არც გავარდნით დაიქცევა, მაგრამ როდესაც ასე მუხლჩაუხრელად შრომობ და C ლიგიდან B-ში ადიხარ, წინსვლა უნდა განაგრძო. ჩვენი ნაკრები სტუმრად უფრო ცუდად თამაშობს ვიდრე შინ და შემდეგი ამოცანა სწორედ ამის გამოსწორება იქნება’’.