ის, რაც ყველამ იცოდა, ოფიციალურად დადასტურდა: რობერტო დე ძერბი „მარსელის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი საფრანგეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქში 2024 წლის ზაფხულში დიდი ამბიციით ჩავიდა, მაგრამ ბოლოხანს გუნდს ზედიზედ ისეთი ცუდი შედეგები ჰქონდა, რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კლუბის ხელმძღვანელობისთვის და კერძოდ პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთვის ბოლო წვეთი „ლე კლასიკში’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:5-ის წაგება გამოდგა.
ფრანგული მედია წერს, რომ კლუბი და მწვრთნელი კონტრაქტის შეწყვეტაზე ორმხრივად შეთანხმდნენ. ვინ შეცვლის დე ძერბის? footmercato-ს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს შეიძლება იყოს ჰაბიბ ბეიე, რომელიც ორშაბათს „რენის’’ თავკაცის თანამდებობიდან გაუშვეს. ის ფეხბურთელობისას სენეგალის ნაკრებში თამაშობდა. ბეიეს არასდროს დაუმალავს, რომ „მარსელის’’ თავკაცობაზე ოცნებობს. ის ენერგიულია, ახალგაზრდაა და გუნდში დისციპლინის დამყარება შეუძლია.
მართალია დე ძერბიმ „მარსელში’’ ვერაფერი მოიგო, მაგრამ კვალი უეჭველად დატოვა. მას პატივს სცემდნენ როგორც ფეხბურთელები ასევე გულშემატკივრები. „პალერმოს’’, „სასუოლოს’’, „შახტარისა’’ და „ბრაიტონის’’ ყოფილი მწვრთნელის გადადგომა სოციალურ მედიაში ბევრი კომენტარის მიზეზი გახდა. ყურადღება მიიპყრო საკუთრივ მარსელელი ფეხბურთელების კომენტარებმა.
„მწვრთნელო, ზოგ ადამიანთან შეხვედრა კვალს ტოვებს. თქვენ ერთი მათგანი ხართ. თქვენ ხართ ჩინებული მწვრთნელი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საუცხოო ადამიანი მაღალი მორალური პრინციპებით. დიდი მადლობა ნდობისთვის, ჟინისთვის და ურთიერთ პატივისცემისთვის. მომავალში ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ’’, – დაწერა მაროკოელმა მცველმა ნაიეფ აგუერმა.
გაბონელი ვარსკვლავი პიერ-ემერიკ ობამეიანგი: „მაქვს რა დიდი გამოცდილება, კარგად ვიცი, რომ თქვენნაირი მწვრთნელი დიდი იშვიათობაა. წარმატებას გისურვებთ’’.
იტალიის ნაკრების ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელი ემერსონი: „მადლობა, მისტერ, ყველაფრისთვის რაც თქვენ როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა პირადად ჩემთვის და გუნდისთვის გააკეთეთ. მომავალში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ’’.





![კიტე-დუბლი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kiteishvili-1-218x150.jpg)