
2026 წლის მარტში პარიზის მერის არჩევნებია. გამოიკვეთა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაც: დარჩება „პარი სენ ჟერმენი’’ „პარკ დე პრენსზე’’ თუ ახალ ბინაში მოუწევს გადაბარგება. ეს საკითხი პარიზელებს ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან აწუხებთ.
მოკლედ შეგახსენებთ: ახლანდელმა მერმა ანი იდალგომ პსჟ-ს პრეზიდენტს ნასერ ალ ხელაიფის „პარკ დე პრენსის’’ მიყიდვაზე უარი უთხრა. ისტორიული სტადიონი ქალაქის საკუთრებაა. მას მერე, რაც უარი მიიღო, ალ ხელაიფიმ ახალი სარბიელის ასაშენებლად ადგილის ძებნა დაიწყო და მიადგა გარეუბნებს სახელწოდებით მასი და პუასი. თუმცა, 10 თებერვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. იდალგოს ზედიზედ მესამე ვადით მერობის უფლება არ აქვს, ხოლო რესპუბლიკელთა კანდიდატმა რაშიდა დატიმ მკაფიოდ განაცხადა:
„მე „პარი სენ ჟერმენს’’ პარიზში დავტოვებ და ხელს შევუწყობ დიდი, თანამედროვე სპორტული კომპლექსის აშენებას, რომელიც პარიზულ სპორტს მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩენს. მე დავიწყებ მოლაპარაკებას „პარკ დე პრენსის’’ პსჟ-თვის მიყიდვის თაობაზე და კლუბს შევთავაზებ ადგილის სანაცვლოდ სტადიონის გარშემო ააშენოს სპორტულ-კულტურული სოფელი „პარკ პსჟ’’. შედეგად მივიღებთ იმას, რომ პსჟ პარიზში დარჩება და პარიზელებიც სარგებელს ნახავენ’’.
რაშიდა დატი ამჯერად კულტურის მინისტრია.
პსჟ-ს ქალაქში დატოვების მომხრეა მისი კონკურენტი ემანუელ გრეგორიც სოციალისტური პარტიიდან. ის ერთიხანობა პირველი ვეცე-მერი იყო, მაგრამ ანი იდალგოსთან უთანხმოება მოუვიდა და თანამდებობა დატოვა.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პსჟ-მ ისტორიის წერა „პარკ დე პრენსზე’’ უნდა განაგრძოს’’ – აღნიშნულია მის პროგრამაში და მასაც, ისევე როგორც დატის სტადიონის გარშემო ღია, მწვანე და პოპულარული უბნის მოწყობა სურს, თუმცა გრეგორი სტადიონის კლუბისთვის მიყიდვაზე არაფერს ამბობს.
მერიასა და „პარი სენ ჟერმენს’’ შორის მოლაპარაკების მომხრეა პიერ-ივ ბურნაზელი, რომელიც პარტია „ორიზონის’’ (ჰორიზონტი) წარმომადგენელია.
„ჩემ ხელში პსჟ „პარკ დე პრენსზე’’ დარჩება’’, – თქვა მან დეკემბერში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
იმის თქმა, რომ პარიზის მერობის ყველა კანდიდატი ერთ აზრზეა, მაინც აარ შეიძლება. ლე პენის პარტიად ცნობილი „ეროვნული ფრონტის’’ კანდიდატი ტიერი მარიანი საფრანგეთის დედაქალაქის „ყატარიაციის’’ წინააღმდეგია. მეორე მხრივ, მასც არ სურს, რომ კლუბი „პარკ დე პრენსიდან’’ სხვაგან გადაბარგდეს.
ერთ რამეში კი ყველა კანდიდატი თანხმდება: სტადიონი დამატებითი ფუნქციით უნდა აღიჭურვოს და იმ დღეებში, როდესაც ფეხბურთი არ არის, ტერიტორია უფუნქციოდ არ უნდა იყოს.





