„ლე კლასიკი’’ ისე არ ჩაივლის სკანდალი რომ არ მოჰყვეს. კვირას, „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ იოლად მოუგო 5:0, მაგრამ სტადიონზე თამაში მცირე ხნით მაინც შეწყდა, რადგან ტრიბუნები სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ყველაზე დიდი სკანდალი მოჰყვა უზარმაზარ ბანერს, რომელიც ულტრასებმა გამოფინეს. რა არის ამ ბანერში შეურაცხმყოფელი? ამისათვის გავარჩიოთ რა წერია და რა არის გამოსახული მასზე.
ბანერზე წერია, რომ მარსელელები მიტანის სერვისიდან არიან და ზედ გამოსახულია ასოები: dpd. ეს გახლავთ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიტანის კომპანიის სახელწოდება. აბრევიატურა იკითხება დაახლოებით ისე, როგორც ჟარგონული სიტყვა რომლის ქართული ანალოგი არის „პიდარასტი’’. შემდეგ ბანერზე გამოსახულია კურიერი „მარსელის’’ კეპით რომელსაც ხელში დიდი ვირთხა უჭირავს. ვირთხა რის სიმბოლოცაა ადვილი მისახვედრია: დედაქალაქელები საპორტო ქალაქის მოსახლეობას მღრღნელებს ადარებენ და ბინძურებს ეძახიან.
ორშაბათს საფრანგეთის ფოსტამ, რომლის შვილობილი კომპანიაც არის dpd გაავრცელა განცხადება რომლითაც პარიზელი ულტრასების ბანერი და საქციელი დაგმო.
მორიგი საყოველთაო აღშფოთების ფონზე ყური მოჭრა „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელის ლუის ენრიკეს რეაქციამ. მან მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ჩვენ ყველა სტადიონზე ათასნაირ სახელს გვეძახიან, მაგრამ შეწყვეტით მხოლოდ „პარკ დე პრენსზე’’ აჩერებენ თამაშებს. ჩვენ ჩავდივართ ლიონში, ნანტში, მარსელში და იქაურ გარემოს ვიღებთ ისეთს, როგორიც არის, მათ კი შეურაცხმყოფელი შეძახილები რატომღაც მხოლოდ „პარკ დე პრენსზე’’ ესმით’’.





![კიტე-დუბლი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kiteishvili-1-218x150.jpg)