„ლე კლასიკს’’ საფრანგეთის ლიგა 1-ის მთავარი თამაში ჰქვია, მაგრამ ამჯერად მოსაყოლი ბევრი არაფერია. მასპინძელმა „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ პირველიდან ბოლო წუთამდე აჯობა და სულ ეს იყო. სხვა საქმეა, რომ ფრანგული მედიისთვის მათი ნაკრების ვარსკვლავის, „ოქროს ბურთის’’ მფლობელი ოსმან დემბელეს ჩინებული თამაში იყო მნიშვნელოვანი, ხოლო საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელებას, კარგ თამაშს და საუცხოო გოლს აღვნიშნავთ – ყველას თავისი უხარია. პსჟ-მ 5:0 მოიგო, ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა, „მარსელი’’ და „ლიონი’’ კი მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა. ლუის ენრიკეს გუნდს 21 ტურის შემდეგ ერთადერთი კონკურენტი, „ლანსი’’ დარჩა, რომელიც მას ორი ქულით ჩამორჩება.

გარდა პარიზელი ფეხბურთელების მაღალი ოსტატობისა, რამ განაპირობა მასპინძლების ასეთი გამარჯვება? footmercato-ს ამის მიზეზად სტუმრების იტალიელი მწვრთნელის რობერტო დე ძერბის სიფრთხილე მიაჩნია. პორტალის აზრით დე ძერბიმ „ლე კლასიკში’’ გაბედულად თამაში ვერ გაბედა და მოედანზე ხუთი მცველი გამოიყვანა, მაშინ როდესაც გუნდი შემტევი შემადგენლობით უკეთეს შედეგებს აღწევს.

„რა ვუთხარი ფეხბურთელებს მატჩის შემდეგ? ასეთ დროს ლაპარაკი საჭირო არ არის, ყველამ თავის გულში უნდა ჩაიხედოს და მიხვდეს, რომ უკეთ შეეძლო თამაში’’, — თქვა პრეს კონფერენციაზე დე ძერბიმ.

თუკი შეხვედრას „მარსელის’’ გულშემატკივართა მხრიდან შევხედავთ, ანტიგმირი არგენტინელი ცენტრალური მცველი ლეონარდო ბალერდი იყო. „ბოკა ხუნიორსის’’ აღზრდილს კოშმარული საღამო ჰქონდა. ის ორთაბრძოლას ორთაბრძოლაზე აგებდა და პოზიციას სწორად ვერ არჩევდა. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ბალერდიმ მეტოქეებთან შვიდი დუელი წააგო, ოთხჯერ დაჯარიმდა, სამჯერ მას დრიბლინგით ჩაურბინეს და პლუს დაუშვა შეცდომა, რომელსაც „მარსელის’’ კარში გოლი მოჰყვა. ძალიან ცუდად ითამაშა მისმა თანამემამულემ ფაკუნდო მედინამაც. ტიმოთი ვეამ კი, რომელსაც უნივერსალური დავალება ჰქონდა, ერთი ორთაბრძოლაც კი ვერ მოიგო.

„ხუთი მცველი რა შუაშია? თქვენ გავიწყდებათ, რომ ხუთი მცველით ვთამაშობდით „ველოდრომზე’’, სადაც პსჟ დავამარცხეთ და აგრეთვე კუვეიტში, სუპერთასზე. დღეს მოწინააღმდეგემ სწორედ მეორე ტაიმში გვაჯობა, როდესაც განლაგება შევცვალეთ და ოთხ მცველზე გადავერთეთ’’, — თავი იმართლა დე ძერბიმ.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მასზე maxifoot-მა ასე დაწერა: „მან სუპერ-დარტყმით გოლი გაიტანა და იმ ნახევარი საათის განმავლობაში, რაც მოედანზე დაჰყო, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გოლიდან ერთი ხნის შემდეგ ქართველმა გარემარბმა ძელს გაარტყა ბურთი’’.

ამ პორტალს კვარაცხელიასთვის ქულა არ დაუწერია, რადგან მას წესად აქვს – შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს რიცხვით არ აფასებს.

მონაცემების მთვლელმა საიტებმა კი ქართველს ასეთი ქულები დაუწერეს:

flashscore – 7.6; whoscored – 7.7; sofascore – 7.5; fotmob – 7.9