„ლივერპული’’ შინ „მანჩესტერ სიტისთან’’ დრამატულად დამარცხდა – 1:2. 74-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ საუცხოო საჯარიმო დარტყმით დააწინაურა მასპინძლები, ათ წუთში ბერნარდო სილვამ ერლინგ ჰოლანდის პასით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3 წუთზე თავად ჰოლანდმა გაიტანა პენალტი, რომელიც მერსისაიდელთა მეკარე ალისონის უხეშობის გამო დაინიშნა. ამის შემდეგ, თამაშის გადარჩენას მოწყურებულმა ალისონმა თავისი საჯარიმო მოედანი მიატოვა, წინ წავიდა და იქ იმდენ ხანს დარჩა, რომ რაიან შერკიმ ცარიელ კარში დაურტყა. სანამ ბურთი კარისკენ მიგორავდა, დომინიკ სობოსლაიმ ჰოლანდი წააქცია, რათა ნორვეგიელისთვის გაესწრო და გუნდი მესამე გოლის გაშვებისგან ეხსნა. შერკის დარტყმული კარში შევიდა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. მან ბოლო იმედის ჯარიმისთვის სობოსლაი გააძევა და ჯარიმა დანიშნა, რომელსაც შედეგი აღარ მოჰყოლია.
მოგეხსენებათ, „ლივერპულში’’ სათადარიგო მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომელსაც ლივერპულელი მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრები ერთხმად აყენებენ კერპად ქცეულ ალისონზე უკან. ამიტომაც ვცდილობთ მერსისაიდელთა მეკარეების ამბებს დავაკვირდეთ.
liverpoolecho-მ „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრაში ალისონს უჩვეულოდ დაბალი 5 ქულა დაუწერა და ასეთი ტექსტი დაურთო: „ის პერიოდულად ბურთს ფეხით სარისკოდ ათამაშებდა, მაგრამ პირველ ტაიმში ჰოლანდს მნიშვნელოვანი დარტყმა აუღო. მეორე ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონდა, სანამ სულელურად არ გამოვარდა და მსაჯს პენალტი არ დაანიშნინა’’.
ბრაზილიელს thisisanfield-მაც 5 ქულა დაუწერა. ამ პორტალის მიერ დაწერილი სიტყვიერი შეფასება შემდეგი გახლავთ: „ალისონისთვის ეს შეხვედრა იოლი არ იყო, მაგრამ პირველ ტაიმში ჰოლანდს გოლი არ გაატანინა. მეორე მხრივ, სწორედ მან ჩაიდინა დაუფიქრებელი მოქმედება მატეუს ნუნიესის წინააღმდეგ რის გამოც მსაჯმა პენალტი დაინიშნა და ჰოლანდმა გამარჯვების გოლი შეაგდო.
ბოლო დროს მოხშირდა ალისონის უზუსტო გადაცემები. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ის ბურთს ასცდა, რაც გუნდს კინაღამ გოლად დაუჯდა’’.
ალისონმა Liverpool.com-ის შეფასებითაც 5-ზე ითამაშა. მერსისაიდელთა კლუბის ოფიციალური საიტი წერს: „პირველი ტაიმის დასაწყისში მას გაუმართლა, როდესაც ბურთს კინაღამ ასცდა, თუმცა ჯამში ბრაზილიელს ისეც არ უტევდნენ, როგორც „მანჩესტერ სიტის’’ შეტევების ინტენსივობიდან გამომდინარე იყო მოსალოდნელი. ანტუან სემენიოს დარტყმულს კარგად გაართვა თავი, მაგრამ ბოლოს დაუშვა შეცდომა, რის გამოც პენალტი დაინიშნა. ეს შეცდომა საბედისწერო გამოდგა’’.
flashscore – 5.9; fotmob – 6.2; whoscored – 6.3; sofascore – 6.8




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
