მილანი – კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიის დაწერამდე მცირედი დააკლდა.
აქამდე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არ მოგვიპოვებია. შანსი გაჩნდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეებიც უკეთესები იყვნენ, ნაკლები შეცდომები დაუშვეს და მედალმდე არ მიგვიშვეს.

10 გუნდიდან ფინალში გადავიდა: აშშ, კანადა, იტალია, იაპონია და საქართველო. რითმულ ცეკვებში დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მეოთხე ადგილით გუნდს შვიდი ქულა შესძინეს; კიდევ უკეთესები იყვნენ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი და ანასტასია გუბანოვა; სპორტული წყვილებშიც და ქალთა შორის მეორე ადგილები დავიკავეთ და მოპოვებული 9-9 ქულით მესამე ადგილს მივუახლოვდით. ბოლო აკორდი ვაჟების იყო. ამერიკა-იაპონიას ოლიმპიური ოქროს ბედი უნდა გადაეწყვიტათ, ხოლო იტალიასა და საქართველოს – ბრინჯაოს. მედლის მოსაპოვებლად საჭირო იყო ნიკა ეგაძეს იტალიელი მატეო რიცოსთვის ეჯობნა, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე მოუგო კიდეც. თუმცა, ასევე საჭირო იყო, რომ მათ შორის კიდევ ერთი ფიგურისტი აღმოჩენილიყო. ეგაძეს სუსტი გამოსვლა ჰქონდა და ნათელი გახდა, რომ მედალს ვეღარ შევწვდებოდით. საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე დავრჩით. 69 ქულით ჩემპიონი აშშ გახდა. მეორე მაჩვენებელი ჰქონდა იაპონიას (68), მესამე – იტალიას (60). საქართველო (56) მეოთე იყო, ბოლოზე კი კანადა (54) გავიდა.
9 თებერვლიდან პირად პირველობა იწყება. დღეს ყინულზე რითმულ ცეკვეში დიანა დევისი-გლებ სმოლკინის წყვილი მოკლე პროგრამას შეასრულებს. ხვალ საქმეში ასევე მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე ჩაერთვება, ვისაც ბერულავა – მეტელკინას წყვილი და ანასტასია გუბანოვა მიჰყვება.





![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
