„პარი სენ ჟერმენმა’’ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სტუმრად 2:1 მოუგო „სტრასბურს’’ და ლიდერობა დაიბრუნა. პარასკევს „ლანსმა’’ „ლე ავრს’’ 1:0 აჯობა, შესაბამისად პარიზელთა ფეხის დაცდენის შემთხვევაში ლიდერობას შეინარჩუნებდა. ახლა, 21 ტურის შემდეგ პსჟ მეორეადგილოსანს ორი ქულით უსწრებს. „სტრასბურმა’’ თავის მხრივ მეხუთე ადგილზე ამაღლების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

სტუმრებმა ძნელად მოიგეს, 81-ე წუთამდე მოუწიათ ლოდინმა. მასპინძლებმა კი თამაში დიდი მოწადინებით დაიწყეს და მე-20 წუთზე პენალტი მოიპოვეს ― მარკინიოსს საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი. არგენტინელი ხოაკინ პინიჩელის დარტყმული მეკარე მატვეი საფონოვმა მოიგერია. აქ თამაშის ნირი შეიცვალა და ორ წუთში სენი მაიულუმ ანგარიში გახსნა.

„სტრასბური’’ ვერგატანილმა პენალტმა და გაშვებულმა გოლმა ვერ გატეხა. 27-ე წუთზე ბენ ჩილველმა ბურთი ჩაჭრა და საჯარიმოში მიაწოდა დეზირე დუეს ძმას გუელა დუეს, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ ტემპმა კიდევ უდრო იმატა და ორთაბრძოლები მეტად ძალისმიერი გახდა. ერთ ეპიზოდში საფონოვს ისევ დასჭირდა ოსტატობის გამოვლენა.

75-ე წუთზე მსაჯმა პანიჩელის წინააღმდეგ აშკარა უხეშობისთვის აშრაფ ჰაკიმი გააძევა მოედნიდან. მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში დარჩნენ, პარიზელებმა მაინც შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა. უორენ ზაირ-ემერის ჩინებული პასით ნუნუ მენდეშმა თავით შეაგდო.

ფრანგული პრესისთვის მნიშვნელოვან თემად რჩება მეკარის ამბავი. ზედიზედ მეორე მატჩია ლუის ენრიკე კარს ლუკა შევალიეს კი არა, საფონოვს ანდობს. „სტრასბურთან’’ გამარჯვების შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ესპანელ მწვრთნელს ამ თემაზე უკვე მერამდენედ ჰკითხეს:

„კარიერაში ბევრი მეკარე მყოლია, რომელთაც პენალტები მოუგერიებიათ. ამ კომპონენტში საფონოვი მათ შორის საუკეთესოა. მისი უნარი გამოიცნოს რომელი მხრიდან საით დაურტყამენ, გადამწყვეტ როლს თამაშობს’’, – უპასუხა მან.