Antonio Conte coach of SSC Napoli during the UEFA Champions League 2025/26 League Phase MD8 match between SSC Napoli and Chelsea FC at Stadio Diego...მწვრთნელებს მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატების მიხედვით რომ აფასებდნენ ანტონიო კონტე ულაპარაკოდ პირველთა შორის იქნებოდა. იტალიელი კონკურენტუნარიანი გუნდების შექმნაში უბადლოა. მას ეხერხება ხანგრძლივ შეჯიბრებებში გამარჯვება, რომლებიც სტაბილურობასა მოითხოვენ, მაგრამ მისდა სამწუხაროდ ევროპის ყველაზე დიდი საკლუბო შეჯიბრებისა, ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მთლად ამ ტიპის არ არის და იქ იტალიელი ყოველ წელიწადს ხელმოცარული რჩება.

სტატისტიკა გვეუბნება, რომ კონტემ, როგორც მწვრთნელმა, ჩემპიონთა ლიგაში შვიდჯერ მიიღო მონაწილეობა და პირველ ეტაპს მხოლოდ სამჯერ გაცდა. რიცხვებში ასეა: 50 მატჩიდან 17 მოგება, 16 ფრე და 17 წაგება. როგორც ხედავთ, მოგებათა და წაგებათა რაოდენობა თანაბარია, რაც ძალიან განსხვავდება მის მიერ ეროვნულ ლიგებში ნაჩვენები შედეგისგან, სადაც კონტეს გუნდები საშუალოდ ერთ შეხვედრაში ორი ქულას იღებენ.

კონტემ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან ნოკ-აუტის ეტაპზე სამჯერ გაიყვანა: „იუვენტუსი’’ (2012-13), „ჩელსი’’ (2017-18) და „ტოტენჰემი’’ (2022-23).

რაც შეეხება ჩავარდნებს: 2013-14 წლების სეზონში კონტემ „იუვენტუსი’’ ჯგუფიდან ვერ გაიყვანა; 2019-20 წლებში მისი „ინტერი’’ ევროპის ლიგაში გადავიდა, 2020-21 წლებში იმავე „ინტერმა’’ მართალია შინ სკუდეტო მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩა და მიმდინარე გათამაშებაში „ნაპოლიმ’’ ვერ გააღწია 24 გუნდში. როგორც ხედავთ, როგორიც არ უნდა იყოს შეჯიბრების ფორმატი და რომელ გუნდსაც არ უნდა ედგეს კონტე სათავეში, შედეგი ერთი და იგივეა. მისი გუნდი ძლიერია, მაგრამ საკმარისია ჩაერთოს შედარებით ხანმოკლე შეჯიბრებაში, ისეთში სადაც თვეების განმავლობაში რუტინული მიდგომისთვის ადგილი არ არის, რომ შედეგი სავალალოა.

როგორ ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში? „აძურიმ’’ 8 შეხვედრიდან მხოლოდ 8 ქულა დააგროვა. კონტეს გუნდმა ოთხჯერ წააგო, რომელთაგან ორ მარცხი განსაკუთრებით მწარე იყო: 2:6 სტუმრად „ეინდჰოვენთან’’ და ბოლო ტურში შინ 2:3 „ჩელსისთან’’. საბოლოოდ, „პარტენოპეელები’’ 36 გუნდიდან 30-ე ადგილზე გავიდნენ და ბუნებრივია იმ 24 გუნდს მიღმა დარჩნენ, რომლებიც შეჯიბრებას აგრძელებენ.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ნაპოლის’’ თამაშის ხარისხი არ ვარგოდა: თვალში საცემი იყო ყურადღების დაცვაზე გადატანა და დაშტამპული შეტევა. მიმომხილველები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ კონტე შეცვლებს აგვიანებდა და გადამწყვეტ მატჩებში თამამ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა.

ბოლო ორ წელიწადში კონტეს შეხედულებისამებრ „ნაპოლიმ’’ სატრანსფერო ბაზარზე 300 მილიონი ევრო დახარჯა, მაგრამ როგორც ჩანს, იმისათვის, რომ ევროშეჯიბრებებში თავი კომფორტულად იგრძნო მხოლოდ ფულის ხარჯვა საკმარისი არ არის.