Matvey SAFONOV of Paris Saint-Germain and Lucas CHEVALIER of Paris Saint-Germain during the UEFA Champions League match between Paris Saint-Germain...თუკი ფეხბურთში არსებობს მუდმივი თემები, ერთ-ერთი მათგანი შემადგენლობის სწორად შერჩევაა. გამოიყვანს მწვრთნელი მოედანზე თერთმეტ ფეხბურთელს და იწყება დავა-კამათი იმის შესახებ, რომელიმე მათგანის მაგივრად სხვისი თამაში ხომ არ ჯობდა. საფრანგეთში კრიტიკით „მარსელის’’ გულშემატკივრები გამოირჩევიან. მათ ხშირად არ მოსწონთ რობერტო დე ძერბის რჩეულები, მითუფრო ახლა, როდესაც მათმა საყვარელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრიუგესთან სტუმრად 0:3 წააგო და 25-ე ადგილზე გავიდა ანუ შეჯიბრებას გამოეთიშა. „პარი სენ ჟერმენის’’ ფანები ასეთი კრიტიკულები არ არიან, მაგრამ ლუის ენრიკეს მიერ დასახელებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით მათაც უჩნდებათ კითხვები.

ბოლო შეხვედრაში, „ნიუკასლ იუნაიტედის’’ წინააღმდეგ, ესპანელმა მწვრთნელმა პარიზელი გულშემატკივარი მეკარის არჩევით გააოცა. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მან ლუკა შევალიეს მატვეი საფონოვი ამჯობინა. რუსი დეკემბრის ბოლოს მოტეხილ ხელს მკურნალობს და მის მოედანზე ასე მალე დაბრუნებას არავინ ელოდა, თვით შევალიეს ჩათვლით.

ის, რომ სასტარტო შემადგენლობაში საფონოვის დაყენება შევალიესაც გაუკვირდა, „ეკიპმა’’ დაწერა. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება მწვრთნელმა ბოლო წამს მიიღო და ფეხბურთელებს თამაშის წინ გააცნო. ფრანგ მეკარეს კარგად მოეხსენება, რომ დიდ პროფესიონალად ჩამოყალიბების პროცესი სწორედ ასეთი ეპიზოდებისგან შედგება. ზაფხულში, როდესაც შევალიე „პარი სენ ჟერმენმა’’ „ლილისგან’’ იყიდა, ლუის ენრიკემ მას პირველი მეკარეობის გარანტია არ მისცა, მაგრამ კარგა ხანს სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ის შეცდომებს უშვებდა. ამან შექმნა შთაბეჭდილება, რომ შევალიე მთავარი მეკარეა. როგორც ჩანს თავად მეკარეებმაც იფიქრეს, რომ ლუის ენრიკეს მეკარეების იერარქია უკვე განსაზღვრული ჰქონდა, მაგრამ როგორც „ნიუკასლთან’’ თამაშმა აჩვენა, ასე სულაც არ არის.

მატჩის შემდეგ, როდესაც პარიზელთა მწვრთნელს ამ საკითხთან დაკავშირებით ჰკითხეს, მან უპასუხა: „არ ვიცი მექნება თუ არა მეკარეთა როტაცია. მე გახსნილი მწვრთნელი ვარ და ფეხბურთელებს ყოველ შეხვედრაში მზადყოფნას ვთხოვ. დღეს ვერ გეტყვით რას გადავწყვეტ მომავალში’’.