ესპანური მედია წერს, რომ „რეალი’’ ზაფხულში მორიგ ეტაპს დაიწყებს, როდესაც ალვარო არბელოას ნაცვლად ახალ მწვრთნელს დანიშნავს. იმავდროულად, მოსალოდნელია გუნდის გადახალისებაც. აქ იგულისხმება როგორც ახალი მოთამაშეების ყიდვა, ასევე რამდენიმე ძველის გაშვება.
ლაპარაკობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ საჭიროა გამოჩნდეს ახალი ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი, თუმცა ინტენსიურად ფიქრობენ ფეხბურთელების გაყიდვაზეც. ასე მაგალითად, ლაპარაკობენ, რომ როდრიგო და არდა გიულერი შეიძლება ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდნენ. ბოლო დროს იგივე დაიწერა ფრანგ ნახევარმცველ ედუარდო კამავინგაზეც.
23 წლის კამავინგა უკვე რამდენიმე თვეა „რეალის’’ სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ვეღარ ხვდება და ის ფაქტი, რომ მისი შეძენით „ლივერპულია’’ დაინტერესებული, შესაძლოა შექმნილი მდგომარეობიდან ყველასთვის კარგი გამოსავალი იყოს. „დეილი ბრიფინგის’’ ინფორმაციით ფეხბურთელის წარმომადგენლებმა მერსისაიდელებთან კარგა ხანია დაიწყეს მოლაპარაკებები. ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულს’’ ფრანგის გადაბირება ამ თვეში, იანვრის სატრანსფერო ბაზრობაზეც სურდა, მაგრამ უარი მიიღო. გარიგება დიდი ალბათობით ზაფხულში შედგება. ექსპერტები წერენ, რომ ტრანსფერის ფასი სავარაუდოდ 80-100 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება.
რომ შევაჯამოთ, „ლივერპული’’ კამავინგას შეძენით ერთი ხანია უკვე დაინტერესებულია და ის, რომ ნახევარმცველი ბოლო დროს „რეალის’’ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, „ლივერპულს’’ ხელს აძლევს. მეორე მხრივ, ასპროცენტიანი გარანტია, რომ ტრანსფერი განხორციელდება, არ არსებობს. ერთი ხნის წინ ფეხბურთელმა თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად მადრიდში თავს შესანიშნავად გრძნობს. მართალია, ფრანგი სასტარტოში ისე ხშირად ვეღარ ხვდება, მაგრამ „რეალს’’ ის მაინც ერთ-ერთ მთავარ ნახევარმცველად მიაჩნია. მას ხშირად ასახელებენ არიან აურელინ ჩუამენის, ფედე ვალვერდესა და ჯუდ ბელინგემის მხარდამხარ.





