„პარიზიენი’’ წერს, რომ ერთი შეხედვით ლიდერობასა და ჩავარდნას შორი სხვაობა დიდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „პარი სენ ჟერმენმა’’ სწორედ ამ ნაპრალში მოახერხა ჩავარდნა ― ცხრილში პირველ რვა გუნდს მიღმა დარჩა და მერვედფინალში ავტომატურად ვერ მოხვდა. ახლა ლუის ენრიკეს გუნდს ფლეი-ოფის ეტაპი აქვს გასავლელი.
პარიზელები 11 დეკემბრის შემდეგ შთამბეჭდავად ვეღარ თამაშობდნენ. 0:0 დაასრულეს შეხვედრა ბილბაოში, 1:2 წააგეს სტუმრად „სპორტინგთან’’ და ბოლოს შინ 1:1 ითამაშეს „ნიუკასლთან’’. სხვა სიტყვებით, ბოლო სამი შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგეს. ასეთი შედეგები კი მათ გულშემატკივარს ძალიან აშფოთებს.
რა იქნება ამის მერე? „პარი სენ ჟერმენი’’ ფლეი-ოფში „მონაკოს’’ ან „ყარაბახს’’ შეხვდება და თუ ფრანგულ ან აზერბაიჯანულ წინააღმდეგობას დაძლევს, „ჩელსის’’ ან „ბარსელონას’’ დაეჯახება. „პარიზიენი’’ წერს, რომ როდესაც გუნდი ჯგუფურ ეტაპს საკადრისად ვერ ასრულებს, უსიამოვნო შედეგსა და მეტოქეებს იღებს.
პსჟ-სა და „ნიუკასლის’’ შეხვედრის პირველი 20 წუთი იმედისმომცემი იყო, შემდეგ კი ყველაფერი აირია. მართალია სულ დასაწყისში ოსმან დემბელემ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ პარიზელებმა მაინც შეძლეს შეხვედრის სასურველი მიმართულებით წარმართვა: ხვიჩა კვარაცხელიას პასით ვიტინიამ ანგარიში გახსნა.
მე-20 წუთზე კვარაცხელია დაშავდა. პარიზული გაზეთი წერს, რომ სავარაუდოდ ქართველი კარგა ხანს მოუნდება მკურნალობას. პსჟ-სა და „ნიუკასლის’’ შეხვედრა კი ამ მომენტმა შეცვალა. მასპინძლებმა ტემპი და იდეები დაკარგეს.
„ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი, მეკარე მატვეი საფონოვი საღამოსგან უკვე სიამოვნების მიღებას იწყებდა და უსაქმურობისგან ზაფხულის არდადეგებს გეგმავდა, როდესაც, ტაიმის მიწურულს სანდრო ტონალის მიერ შორეული საჯარიმოდან ჩაწოდებულმა ბურთმა ნიუკასლელები ბრძოლაში დააბრუნა. ამ ეპიზოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პარიზელებს სტანდარტულ მდგომარეობებთან გამკლავება უჭირთ, მითუფრო თუ სტანდარტულს ინგლისური გუნდები ასრულებენ. ჯო უილოკმა ანგარიში გაათანაბრა’’ ― წერს „პარიზიენი’’.
კიდევ გაზეთი წერს, რომ პსჟ-ს მექანიზმს პრობლემები კვარას დაშავებამდეც ეტყობოდა. ასე მაგალითად ნაახალწლევს გუნდი ძველებურად ეფექტური და შედეგიანი აღარ იყო. აქვე შეგვიძლია მოვიხსენიოთ ადრეული გავარდნა საფრანგეთის თასიდან. ფორმიდან ამოვარდა დეზირე დუე, ოსმან დემბელე კი სტაბილური აღარ არის.
რაც დრო გადიოდა, პარიზელთა უპირატესობა ბურთის ფლობაშიც მცირდებოდა. მასპინძლები მეტოქეს აძლევდნენ სწრაფ, სახიფათო კონტრ-შეტევებზე წამოსვლის შესაძლებლობას და ვერც ერთი-ერთზე ირჯებოდნენ ყოჩაღად. ამის ნათელი მაგალითი იყო 88-ე წუთი, როდესაც „ნიუკასლმა’’ კინაღამ გამარჯვების გოლი გაიტანა. რაღაც მონეტის შემდეგ პსჟ ვერც ფიზიკურად დომინირებდა.
ბოლოს გაზეთი უბრუნდება ზედიზედ სამი შეხვედრის ვერ-მოგების საკითხს და წერს, რომ როგორც „ბილბაო’’, ასევე „სპორტინგი’’ და „ნიუკასლი’’ იმ დონის გუნდები არ არიან, პარიზელები რომ ვერ უგებდნენ. ლუის ენრიკეს მათთან ამდენი ქულა არ უნდა დაეკარგა.
ბოლოს გაზეთი იხსენებს გაჭირვებით მოგებულ შეხვედრას ლიგა 1-ში „ოსერთან’’, კიდევ რამდენიმე შეხვედრას და ასკვნის, რომ გუნდს აშკარად დაღმასვლის პერიოდი აქვს. მიზეზი: კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი ანუ, სხვა სიტყვებით, ზაფხულის მეტისმეტად ხანმოკლე არდადეგები.





