During the La Liga EA Sports match between FC Barcelona and Atletico de Madrid played at Spotify Camp Nou Stadium on December 2 2025 in Barcelona,...ლუის ენრიკემ შეტევა გააძლიერა: ორშაბათს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონასგან’’ ოფიციალურად შეიძინა 18 წლის პედრო „დრო’’ ფერნანდესი. შემტევმა ნახევარმცველმა პარიზელებთან 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. საფრანგეთის ჩემპიონმა ესპანეთის ჩემპიონს ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასზე ანუ 6 მილიონ ევროზე მეტი, 8 მილიონი ევრო გადაუხადა.

„პარიზიენი’’ წერს, რომ დრო ფერნანდესის შეძენა სურდათ „ჩელსის’’, „მანჩესტერ სიტისა’’ და „დორტმუნდსაც’’. მამით გალისიელმა და დედით ფილიპინელმა ამომავალმა ესპანელმა ვარსკვლავმა პსჟ დანარჩენებს მისი პროექტის გამო ამჯობინა. ცნობილია, რომ ლუის ენრიკეს გუნდში ახალგაზრდებს ენდობიან და ათამაშებენ, რის ნათელი დასტურიც, სხვას ყველას რომ თავი დავანებოთ, 20 წლის დეზირე დუე გახლავთ.

ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენსა’’ და „ბარსელონას’’ რთული ურთიერთობები ჰქონდათ, მაგრამ ეს კონკრეტული საკითხი მხარეებმა უპრობლემოდ მოაგვარეს. ცნობილია აგრეთვე, რომ პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი აქტიურად მუშაობდა „ბარსელონას’’ ევროპული კლუბების ასოციაციაში დაბრუნებაზე. მოგეხსენებათ, „ბლაუგრანა’’ 2021 წელს ხსენებული ორგანიზაციიდან გავიდა, რადგან ის სუპერლიგის იდეას ეწინააღმდეგებოდა. აქვე დავძენთ, რომ ასოციაციამ სახელწოდება შეიცვალა. ახლა მას European Football Clubs (EFC) ანუ „ევროპული ფეხბურთის კლუბები’’ ეწოდება და 800-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

დავუბრუნდეთ დრო ფერნანდესს. ის „პარი სენ ჟერმენში’’ 27 ნომერი იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მიზეზი: მან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ბარსელონას’’ შემადგენლობაში „ოლიმპიაკოსის’’ წინააღმდეგ ითამაშა.

„ბედნიერი ვარ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ წევრი გავხდი. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან საამაყოა. პსჟ დიდი კლუბია, რომლის თამაშებსაც ბავშვობიდან ვუყურებ. მისი ისტორია დიდმა ლეგენდებმა შექმნეს. მოტივირებული ვარ, რომ მისი მაისურით ყველაფერი გავიღო’’, – დაწერა ფერნანდესმა სოციალურ ქსელში.