მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩატარდება. დაძაბულობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი გრენლანდიის გარშემო ამტყდარი ვნებათაღელვაა ― გრენლანდია გახლავთ ავტონომიური ტერიტორია რომელიც დანიას ეკუთვნის, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ევროკავშირში ტრამპის ასეთი განცხადება არ მოსწონთ და უპირისპირდებიან.
ამას ემატება აშშ-ს ბოლოდროინდელი შეჭრა ვენესუელასა და ნიგერიაში, რაც რიგმა წამყვანმა ქვეყნებმა ტრამპს სხვის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად და სუვერენიტეტის დარღვევად ჩაუთვალეს.
და რა კავშირშია ეს ყველაფერი ფეხბურთთან? პასუხი მარტივია: მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი თანამასპინძელი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები. მეტიც, მასზე ერთ-ერთის თქმა ალბათ არც შეიძლება, რადგან 104 თამაშიდან 78 მის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, მაგრამ რიგ ევროპელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ფეხბურთის თამაში ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის წესებს არღვევს, სულ მცირე ამორალურია.
ვითარებას არც ტრამპის ადმინისტრაციის საემიგრაციო პოლიტიკა აიოლებს. მოგეხსენებათ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 75 ქვეყნის სია, რომელთაც საემიგრაციო ვიზებს უუქმებს. ამას ემატება დაახლოებით 40 ქვეყნისთვის აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვა.
ამასთან დაკავშირებით ფიფამ შემოიღო FIFA PASS-ის სისტემა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების მფლობელთათვის შეღავათების დაწესებას გულისხმობს. მის პრეზენტაციას თეთრ სახლში თავად ტრამპმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უმასპინძლეს. რუბიომ თქვა, რომ ამერიკა მთელს მსოფლიოს მიესალმება, თუმცა დასძინა, რომ გულშემატკივრები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდნენ. ამან დიდი კრიტიკა გამოიწვია, რადგან უამრავ ქომაგს, ფეხბურთის ფედერაციათა თანამშრომელს და მსაჯსაც კი შესაძლოა აშშ-ში ჩასვლა აუკრძალონ. ეს რეალურად მათ შეჯიბრებიდან მოკვეთას ნიშნავს.
ასეთ პირობებში ევროპაში უკვე გაისმა მოწოდება მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტისკენ. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ოკე გიოტლიხმა განაცხადა, რომ დროა ამ საკითხის გარშემო სერიოზული მსჯელობა დაიწყოს. მისი თქმით ბოიკოტის ალბათობა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის წინ იყო.
„ირღვევა თუ არა ტაბუ როდესაც გვემუქრებიან? როდესაც თავს გვესხმიან? როდესაც არის მსხვერპლი? მინდა ვიცოდე, სად გადის დონალდ ტრამპის მიერ გავლებული საზღვარი’’, ― თქვა გიოტლიხმა.
გერმანელმა პარლამენტარმა, კონსერვატორმა როდერიკ კიესევეტერმა კიდევ უფრო მწვავედ თქვა ― აშშ-ს ევროკავშირთან ასეთი დაპირისპირების პირობებში ევროპული ნაკრებების მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა ძნელად წარმომიდგენიაო.
ოცდასამმა ბრიტანელმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა მოწოდებას აშშ-ს საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებებიდან მოკვეთასთან დაკავშირებით, სანამ ეს ქვეყანა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას არ დაიწყებს.
შოტლანდიაში წამოიჭრა რაგბის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირების იდეაც. ფრანგმა დეპუტატმა ერიკ კოკერელმა ფიფას ჩემპიონატის მხოლოდ მექსიკასა და კანადაში ჩატარებისკენ მოუწოდა. მისი ლოზუნგია: არც ერთი თამაში აშშ-ში!
სამაგიეროდ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს. მას მხარი აუბა ქვეყნის სპორტის მინისტრმა მარინა ფერარიმაც.





