გასულ უქმეებზე საფრანგეთსა და ინგლისში 24-მა ქართველმა მორაგბე ლეგიონერმა ითამაშა. 2-2 ქართული ლელო ტოპ 14-სა და პრო დ2-ში დაფიქსირდა, ხოლო ამ უკანასკნელში კიდევ ორმა ჩვენებურმა ქულები ზუსტი დარტყმებით აგროვა.
ტოპ 14
ირაკლი აფციაური „რასინგ-92“-თან პარიზში წაგებულ მატჩში „ლიონის“ რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა და უკვე 6 წუთში თავისი ფრანგული კარიერის პირველი ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა ბურჯმა ბურთი რაქიდან აიღო და ჩათვლის მოედანზე გადადო. ირაკლიმ ტოპ 14-ში სალელოვე ანგარიში თავის 31-ე მატჩში გახსნა, „ლიონი“ კი 34:35 დამარცხდა და სანუგეშო ბონუსი მიიღო.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მარჯვენა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა ტრავმა, როგორც იქნა, მოირჩინა და გასულ ტურში „მონპელიეს“ წინააღმდეგ შეცვლაზეც ითამაშა. ბექამ, ისევე როგორც გიორგი ჯავახია, მარქაფიდან მოედანზე 58-ე წუთზე გადაინაცვლა 7 წუთის შემდეგ ქართული წყვილის ძალისხმევით მათმა „ტულონმა“ გამარჯვების ლელო გაიტანა. ტულონელთა მრავალფაზიანი შეტევის ბოლოს ჯავახიამ თავისი ფიზიკური სიმძლავრის ხარჯზე მონპელიელთა დაცვა ხაზსიქით შეზნიქა, გიგაშვილს კი გათავისუფლებული სივრცით სარგებლობა არ გასჭირვებია. „ტულონმა“ 30:27 მოიგო და 43 ქულით ცხრილის მე-4 საფეხურზე აღმოჩნდა. რაც შეეხება გიგაშვილს, მან მიმდინარე ჩემპიონატში მე-7 მატჩი ჩაატარა და პირველი ლელო იზეიმა. სულ კი მას ტოპ 14-ში 119 მატჩში 12 ლელო აქვს, რაც მესამე შედეგია მოქმედ ქართველ მორაგბეთაგან.
გათამაშებას 53 ქულით მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ ლიდერობს, რომელმაც უახლოეს მდევარ „პოს“ ბონუსით სძლია – 59:22. მესამე საფეხურზე კი სერგო აბრამიშვილისა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“ ავიდა, რომელსაც „ტულონივით“ 43 ქულა და უკეთესი დამატებითი მაჩვენებელი აქვს. პარიზელებმა ბორდოში ევროპის მოქმედი საკლუბო ჩემპიონი 30:28 დაამარცხეს.
მეხუთეზე „კლერმონი“ ავიდა, რომელმაც „ლა როშელი“ 32:27 დაამარცხა, გიორგი ახალაძემ „ყვითლებში“ საწყისი 54 წუთი ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ალექსანდრე ქუნთელია და დავით ნინიაშვილი შესაბამისად 34-ე და 38-ე წუთებზე გამოჩნდნენ.
პრო დ2
„ნევერი“ სახიფათო ზონაში მყოფ „მონ-დე-მარსანს“ საკუთარ მოედანზე 29:29 დაუზავდა, ხოლო ამ უკანასკნელის მესამეხაზელმა იოანე იაშაღაშვილმა შეხვედრის ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გახსნა. ეს იყო იოს მე-4 ლელო სეზონის მე-10 თამაშში, ხოლო ჯამში მის ანგარიშზე პრო დ2-ის 65 მატჩში 14 ლელოა.
„გრენობლი“ ლიგის ლიდერ „ვანთან“ საშინაო მატჩში 26:29 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას გამორჩა. ეს ბონუსი გიორგი პერტაიას დამსახურებაა, რომელმაც 77-ე წუთზე სეზონში პირველი ლელო გაიტანა, სულ კი მას ლიგაში 32 მატჩი და 5 ლელო აქვს.
„ორიაკმა“ „პროვანსთან“ სტუმრად 10:26 წააგო და მისი 10 ქულიდან ნახევარი თედო აბჟანდაძემ მოინადირა, რომელმაც პირველიდან 55-ე წუთამდე თითო ჯარიმისა და გარდასახვის გატანა მოასწრო. შედეგად, ბორჯღალოსანმა მგეზავმა პრო დ2-ში 300-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. ამიერიდან მის ანგარიშზე პრო დ2-ის 46 მატჩში 304 ქულაა.
„ოიონაქსმა“ გასვლაზე „ანგულემი“ 23:11 დაამარცხა და სასტარტოში მყოფი ლუკა მატკავა თავის გუნდს 2 ზუსტი საჯარიმო დარტყმით შეეწია, რამაც პრო დ2-ში მისი სადებიუტო სეზონის სტატისტიკა 8 მატჩსა და 25 ქულას გაუტოლა. ლუკასთან ერთად იმ დღეს ოიონაქსელთა ღერძი ვასილ ლობჟანიძემ შეადგინა, რომელმაც საუცხოო თამაშით ტურის სიმბოლურში მოხვედრა დაიმსახურა. მასთან ერთად ტურის რჩეულთა შორის „მონ-დე-მარსანის“ მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძეც აღმოჩნდა.
პრემიერშიპი
ბაჩუკი ჭუმბაძემ ინგლისის პრემიერშიპში თავისი მე-10 მატჩი ჩაატარა, მისი „ექსეტერი“ კი შინ ლუკა ივანიშვილის „ბრისტოლთან“ 3:8 დამარცხდა და ოდენ ნუგეშ-ქულას დასჯერდა. ივანიშვილს კვლავ არ უთამაშია.





