„მიქაუტაძეს მთელი შეხვედრის განმავლობაში აკლდა ხარისხიანი ბოლო მოქმედება, რომლის წყალობითაც ის ბურთს გააკონტროლებდა და საგოლე მომენტებს შექმნიდა. ქართველი იხსნებოდა, ცდილობდა, მაგრამ ბოლო წამს უიღბლო იყო’’, ― წერს „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ AS მას მერე. „ყვითლებმა’’ შინ, „სერამიკაზე’’ „რეალთან’’ 0:2 წააგეს. მიქაუტაძემ მოედანზე 77 წუთი დაჰყო.
მარსელონოს გუნდმა ლა ლიგაში ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. ასეთი რამ 2025 წლის მარტის შემდეგ არ მომხდარა. პირველ ტაიმში იყო ეფექტური მომენტი, როდესაც ხერარდ მორენომ მიქაუტაძეს პასი ჩააწოდა, ხოლო მან გაუჩერებლად დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა თამაშის გამწვავებას, თუმცა წვრილმან შეცდომებს მასპინძლები უფრო უშვებდნენ.
მეორე ტაიმში ვინისიუსის პასით კილიან მბაპემ გაიტანა. ეს იყო ფრანგის მე-20 გოლი ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში. ამის მერე მორენოს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების დიდებული შესაძლებლობა, მაგრამ „ვილიარეალის’’ თავდამსხმელმა ახლოდან ააცილა მიზანს. მსაჯის წამატებულ წუთებში კი მბაპე მასპინძელთა საჯარიმოში წააქციეს. დაინიშნა პენალტი, რომელიც თავად წაქცეულმა გაიტანა, თან „პანენკა’’ დაარტყა. ფრანგმა დარტყმის ეს ხერხი განზრახ აირჩია, რადგან გოლი თანაგუნდელ ბრაჰიმ დიასს მიუძღვნა. მოგეხსენებათ, დიასმა აფრიკის ერთა თასის ფინალში, შეხვედრის მიწურულს გოლის გატანა სწორედ „პანენკას’’ დარტყმით სცადა და… მაროკოს სენეგალთან ფაქტობრივად მოგებული ჩემპიონობა ამოაცალა ჯიბიდან.
პრეს კონფერენციაზე მარსელინომ თქვა: „ჩვენ გვაკლდა გადამწყვეტი მოქმედება, ცოტა იღბალი და გოლები. ტოპ-გუნდებთან გოლები ვერ გაგვაქვს. მადრიდელებს აშკარა მომენტები არ შეუქმნიათ. მეორე ტაიმში მბაპეს ჯერ ერთი გაუმართლა, რიკოშეტით ისარგებლა და მეორეც დაუჯერებელი გოლი გაიტანა, რადგან სივრცე ფაქტობრივად არ ჰქონდა. მეორე გოლი კი მსაჯის წამატებულ წუთებში დანიშნული პენალტის შედეგი გახლდათ. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, წინ კი რამდენიმე კარგი შეტევა წამოვიწყეთ, ოღონდ მათი დაგვირგვინება ვიჩქარეთ. დღეს ჩვენ გვაკლდა სიმშვიდე. ძალიან ვცდილობდით მოგებას და ზედმეტი მონდომების გამო სწორ პასს ვეღარ ვაწვდიდით. „რეალთან’’ შეტევებს წარმატებით თუ არ დააგვირგვინებ, ცუდად მოგიტრიალდება’’.
მიქაუტაძის შეფასებები ასეთი იყო:
flashscore – 5.9; whoscored – 5.9; sofascore – 6.2; fotomob – 5.8.





