„ქართველი გარემარბი ბურთის კონტროლისა და მოკლე დრიბლინგების წყალობით მოწინააღმდეგეს მუდამ პრობლემებს უქმნიდა. მისი მოქმედებები იყო ძალიან აქტიური და ზუსტი, მაგრამ ბოლო პასებსა და დარტყმებში ეფექტურობა აკლდა. და მაინც, თამაშზე მისი დიდი გავლენა კარგად გამოჩნდა იმ ეპიზოდში, როდესაც საჯარიმოდან ბურთი ზუსტად გამოიტანა, რასაც პსჟ-ს გოლი მოჰყვა’’, ― აღნიშნა maxifoot-მა და… ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარ სიტყვებთან შეუსაბამოდ დაბალი ქულა 5.5 დაუწერა. ამ საიტის აზრით „ოსერთან’’ სტუმრად 1:0 მოგებულ შეხვედრაში კვარაცხელიაზე უკეთ „პარი სენ ჟერმენის’’ შვიდმა ფეხბურთელმა ითამაშა.
maxifoot-მა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად გოლის ავტორი ბრედლი ბარკოლა მიიჩნია (7), რომელზეც როგორც თავად, ასევე „პარიზიენი’’ წერენ, რომ ის იყო გუნდის ტექნიკური ნაკლისა და უშედეგობის სიმბოლო. იმ ფაქტს, რომ გოლი სწორედ ბარკოლამ შეაგდო, „პარიზიენმა’’ პარადოქსიც კი უწოდა, თუმცა maxifoot მიიჩნევს, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში მოწინააღმდეგე გუნდის მცველების ზურგსუკან სახიფათოდ შერბოდა და საბოლოოდ მისმა მიზანდასახულობამ ნაყოფი მოისხა.
– ბარკოლა უზუსტობის სიმბოლო იყო. როგორ ფიქრობთ, შეხვედრის ბოლოს გატანილი გოლი დარჩენილ სეზონში მას ბიძგს მისცემს?- ჰკითხეს შეხვედრის დამთავრების შემდეგ პარიზელთა მწვრთნელს ლუის ენრიკეს. ესპანელმა უპასუხა:
– მე ცალკე არავის გამოვყოფდი. ბრედლიმ დღეს ძალიან კარგად ითამაშა. ის უპირატესობას და მომენტებს ქმნიდა. მას გოლების გატანა შეეძლო. სიზუსტის პრობლემა კი განა მარტო თავდამსხმელებს, ნახევარმცველებსაც ჰქონდათ. როდესაც სიზუსტე გაკლია, უნდა იმუშაო და ისე გააკეთო რომ შემდეგ შეხვედრაში ეს პრობლემა აღარ არსებობდეს.
footmercato-მ კვარაცხელიას 6 დაუწერა. საუკეთესო (7.5) ამ საიტისთვისაც ბარკოლა იყო, მაგრამ ქართველი გარემარბი და უორენ ზაირ-ემირი მის შემდეგ იყვნენ. ხვიჩას თამაში პორტალმა ასე აღწერა:
„შეხვედრის განმავლობაში ქართველი თავდამსხმელი მეტწილად პარიზელთა შეტევის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ. მას გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა 30-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც თავური დაარტყა, მაგრამ მეკარე ლეონმა აუღო. როდესაც კვარაცხელიას 60-ე წუთისთვის გაუჭირდა და პარიზელთა თამაში ძალიან სტატიკური გახდა, თანაგუნდელებისთვის სიცოცხლის შთამბერავის როლში ის ოსმან დემბელემ შეცვალა. ამან წარმატება მოიტანა, რადგან დემბელემ ბარკოლას საგოლე პასი მიაწოდა’’.
სხვა საიტებმა კვარაცხელია ასე შეაფასეს:
flashscore – 7; getfootball – 6; sofascore – 6.9; whoscored – 6.9; fotmob – 7.5.





