Head coach of Paris Saint-Germain Luis Enrique react with his staff during the Ligue 1 McDonald's 2025-2026 match between AJ Auxerre and Paris...„პარი სენ ჟერმენმა’’ პარასკევს „ოსერს’’ სტუმრად 1:0 მოუგო. ეს იყო ძნელი, მაგრამ საჭირო გამარჯვება. პარიზელები მეტწილად აღმაფრენით არ თამაშობდნენ, თუმცა 80-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ მაინც მოახერხა შეხვედრის ერთადერთი გოლის გატანა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე პსჟ-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა:

– ვფიქრობ, ყველაფერი ზედმიწევნით ნათელია. ახლა განსაკუთრებული მომენტი გვიდგას, რადგან სამი დღის წინ პორტუგალიაში ვითამაშეთ. „ოსერთან’’ გამარჯვებით ლიდერ „ლანსზე’’ ზეწოლას გავაძლიერეთ და ამ ეტაპზე მთავარი სწორედ ეს იყო. რთული თამაში გამოდგა. მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ მათი რეალიზაციისთვის სიზუსტე და საკუთარი თავის რწმენა გვაკლდა. გაგვიჭირდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანეთ.

– კარის წინ საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობას რით ხსნით?

– როდესაც მოწინააღმდეგეზე უკეთ თამაშობ, მაგრამ ვერ იმარჯვებ, როგორც ეს პორტუგალიაში მოხდა, საკუთარი თავის რწმენა გეკარგება. პირველი 15 წუთის განმავლობაში ჩენ გვქონდა საგოლე მომენტები რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა. ახლა მთავარია არ გავჩერდეთ. ბევრი სამუშაო გვაქვს. თამაში უნდა გამოვასწოროთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაში სეზონის საკვანძო მომენტი მოდის. გარდა ამისა, „ლანსიც’’ ზეწოლის ქვეშ უნდა მოვაქციოთ.

– ღელავდით?

– რასაკვირველია. როდესაც შენი ფეხბურთელები სიზუსტით არ გამოირჩევიან და ბურთს უჩვეულოდ კარგავენ, თამაში რთულდება. გრძნობ, როგორ მცირდება საკუთარი თავის რწმენა. დღეს ბედს ჩვენთვის ზურგი ისევე რომ შეექცია როგორც პორტუგალიაში, შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც.

– ამ პრობლემის გამოსასწორებლად როგორ იმუშავებთ?

– ჩემი აზრით პრობლემა ტექნიკური არ არის. ეს საკუთარი თავის რწმენის საკითხია, რწმენა კი არსად იყიდება. რწმენა მოდის როდესაც ხედავ, რომ გოლების გატანა შეგიძლია. დღეს ბურთის გათამაშებაში ნაკლი გვქონდა და ეს უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი მოთამაშეების კლასი ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

– ოთხშაბათს „ნიუკასლთან’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ?

– ჩემს გუნდს მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მე ოთხშაბათის შეხვედრას მტკიცედ ვხვდები. ჩვენ ვაპირებთ ძალიან კარგად ვითამაშოთ. გვინდა სათამაშო უპირატესობა მოვიპოვოთ და გავიმარჯვოთ.