„ასტონ ვილამ’’ სტამბოლში „ფენერბაჰჩეს’’ 1:0 მოუგო. ეს იყო ევროპის ლიგის შეხვედრა, რომელშიც ყველაზე დიდი ყურადღება განრისხებულმა უნაი ემერიმ მიიპყრო. მან თავის ფეხბურთელს იური ტილემანსს ხელი ჰკრა.

ამ შეხვედრაში ემერიმ სამი მოთამაშე შეცვალა. მათ შორის ბოლო იყო ტილემანსი. ბელგიელის ნაცვლად მოედანზე 18 წლის ჯორჯ ჰემინგსი შევიდა. ტილემანსმა ესპანელი მწვრთნელი როგორც ჩანს ისე გააბრაზა, რომ მან ფეხბურთელი გამოლანძღა და როგორც კი ამ უკანასკნელმა მოედნის ხაზი გადაკვეთა, ხელიც ჰკრა. ვიდეოჩანაწერმა ცხადია სოციალური ქსელები დაიპყრო.

რა მოხდა კონკრეტულად ჯერ თავად ყვითელი ამბების გამოკვლევაზე გაწაფულ „სანსაც’’ კი არ გაურკვევია. ემერიმ ინციდენტის მნიშვნელობა დააკნინა. მან თქვა: „ტილემანსი ჩემთვის შვილივით არის’’.

„ასტონ ვილას’’ ყოფილმა მცველმა ჯოლეონ ლესკოტმა კი უკმაყოფილება ვერ დამალა: „შეიძლება მართლაც სრულიად უწყინარი ეპიზოდი იყო, მაგრამ მე ის არ მომეწონა’’, – თქვა მან.

„სანი’’ წერს, პირიქით რომ მოხდარიყო და ფეხბურთელს მწვრთნელისთვის ხელი რომ არ ჩამოერთმია, ინციდენტს კიდევ უფრო დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა, მას მენტალიტეტს და პროფესიონალიზმს დაუწუნებდნენო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე ჯეიდონ სანჩომ გაიტანა. ამ გამარჯვების წყალობით „ასტონ ვილამ’’ ევროლიგის ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ბირმინგემელებს მერვედფინალში ადგილი გარანტირებული აქვთ.