Kylian Mbappe of Real Madrid celebrates scoring his team's second goal during the LaLiga EA Sports match between Real Madrid CF and Sevilla FC at...მიმდინარე სეზონში კილიან მბაპეს ყველა შეჯიბრებაში ერთად 27 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გატანილი. ამ გოლებიდან საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა 19 ლა ლიგაში შეაგდო, ხოლო 11 ჩემპიონთა ლიგაში. მართალია მას „რეალში’’ გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი აქვს მოგებული მაგრამ როდესაც გატანილ გოლებს ითვლიან მას უკვე კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ.

2025 წლის ბოლოს მბაპე რისკავდა. მას ძალიან სურდა რონალდუს მიერ 2013 წელს დამყარებული რეკორდი გაეუმჯობესებინა ― ერთ კალენდარულ წელს (იანვრიდან იანვრამდე) 59-ზე მეტი გოლი გაეტანა და საამისოდ „ალავესთან’’, „სევილიასთან’’ და „ტალავერასთან’’ ტრავმიანმა ითამაშა. ფრანგმა მიზანს ნაწილობრივ მიაღწია, პორტუგალიელის შედეგი გაიმეორა, მაგრამ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „მონაკოს’’ კარში ორჯერ შეაგდო და… გაირკვა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის კიდევ ერთ რეკორდს ეტოლება ― შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 11 გოლზე მეტი გაიტანოს. დღეისათვის მას რონალდუსავით 11 აქვს გატანილი, მაგრამ ერთი მატჩი დარჩა. „რეალი’’ შემდეგ ტურში ლისაბონში „ბენფიკას’’ ხვდება.

რასაკვირველია, აქ ჩნდება კითხვა: რამდენად სამართლიანია რონალდუს და მბაპეს მონაგართა შედარება, თუკი ახალი ფორმატის გამო ფრანგს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთით მეტი თამაში უწევს? რონალდუს დროს 6 მატჩი იყო, ახლა შვიდია, მაგრამ საკითხი შეიძლება სხვანაირადაც დავაყენოთ ― 10-ზე მეტი ამ ორ ფეხბურთელს მეტი არავის გაუტანია. შესაბამისად, მათ შორის შეჯიბრება გარკვეული გაგებით ლეგიტიმური და ადამიანურად გასაგებია. ათ-ათი გოლი აქვთ გატანილი რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი), ლეო მესის (ბარსელონა) და სებასტიან ჰალერს. ეს უკანასკნელი მისთვის წარმატებულ 2021-2022 წლების სეზონში „აიაქსში’’ თამაშობდა.

მბაპეს შეუძლია რონალდუს კიდევ რამდენიმე რეკორდი მოუხსნას. პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების გათამაშებაში 17 გოლი შეაგდო, 2015-16 წლების სეზონში ― 16. რაც შეეხება მესამე შედეგს ანუ 15 გოლს, ის რონალდუსაც აქვს გატანილი, მაგრამ ასეთივე შედეგი ჰქონდათ ქარიმ ბენზემასა (2021-22) და რობერტ ლევანდოვსკის (2019-20). როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიმდინარე სეზონში მბაპეს უკვე 11 გოლი აქვს მოგროვებული.