„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელს’’ სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი იყო პირველი გოლი, რომელიც უნგრელმა ვარსკვლავმა დომინიკ სობოსლაიმ ჯარიმიდან გაიტანა. ეს მოხდა შესვენების წინ, 45+1 წუთზე. ნახევარმცველმა ამხტარ ცოცხალ კედელს ბურთი დაბლა გაუტარა და ხერონიმო რულის კარში შეაგდო.

შეხვედრის შემდეგ სობოსლაიმ TNT სპორტს მოუყვა, როგორ მოუვიდა ასეთი დარტყმა თავში აზრად:

„საშინაო დავალება მქონდა. მირჩიეს, თუ შეხედავ, რომ ცოცხალი კედლის უკან არავინ წევს, იქნებ დაბლა დაარტყაო. მეც შევხედე, დავინახე, რომ იქ არავინ იწვა და დავარტყი. შედეგმა არ დააყოვნა.

ჩვენ ყოველთვის ვათანხმებთ, თუ ვინ უნდა დაარტყას ჯარიმა. სალაჰმა მკითხა, გინდა, რომ შენ დაარტყაო? მე ვუპასუხე: „კი, რადგან თუ კედლის უკან არავინ იწვება, დაბლა დავურტყამ’’. მან მითხრა: „კარგი, მაშინ. დაარტყი“.

მიხარია სალაჰი რომ დაბრუნდა და გუნდს როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა ძალიან ეხმარება. მე მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მის მხარდამხარ თამაში მსიამოვნებს. მას ბევრჯერ უჩვენებია, რომ თამაშის ბედის გადაწყვეტა ეხერხება. დღეს მომ ვერ გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი გადააწოდა, მაგრამ ბევრი იმუშავა. ხანდახან სწორედ ასე უნდა მოიქცე, თვალი დახუჭო და მუხლჩაუხრელად იმუშაო. შემდეგზე ალბათ უკვე გოლს შეაგდებს ან საგოლე პასს ჩააწოდებს.

მიხარია რომ გავიმარჯვეთ. ვიცოდით, რომ ძნელი მატჩი გველოდა. მათ რობერტო დე ძერბის ხელმძღვანელობით ბევრი შეუძლიათ და ორმაგად სასიამოვნოა სამი ქულა რომ მოვიპოვეთ’’.

მეორე გოლი ჯერემი ფრიმპონგის აქტიურობის შედეგად ხერონიმო რულიმ თავის კარში შეაგდო, მესამე კი 90+3 წუთზე კოდი გაკპომ გაიტანა.

ბოლო ტურის წინ „ლივერპული’’ 15 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 იანვარს აზერბაიჯანულ „ყარაბახს’’ მასპინძლობს. სავარაუდოდ, მერსისაიდელები პირდაპირ მერვედფინალში მოხვდებიან ანუ ფლეი-ოფის ეტაპს აცდებიან.

გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.