Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain F.C. During a training session at the PSG Campus on January 21, 2026 in Poissy, France.
ლისაბონში მარცხის შემდეგ პსჟ-მ ვარჯიში განაახლა

„პარი სენ ჟერმენი’’ წნეხის ქვეშაა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სამშაბათს ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო ― ეს იყო მიმდინარე სეზონში პარიზელთა მეორე მარცხი ევროპულ ასპარეზზე. ოთხშაბათს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-7 ტური დასრულდა და ბოლო ტურის წინ ცხრილი გამოიკვეთა: თუკი ლუის ენრიკეს გუნდი ლისაბონში თამაშამდე მესამე ადგილზე იყო, ახლა მეექვსეზეა. მას გარანტირებული აქვს ადგილი იმ 24 გუნდს შორის, რომლებიც ნოკ-აუტის ეტაპზე ითამაშებენ, მაგრამ გასარკვევია პირდაპირ მერვედფინალში გავლენ თუ მერვედფინალში მოსახვედრად კიდევ ერთ, ფლეი-ოფის ეტაპზე იბრძოლებენ.

ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს 13 ქულა აქვთ. ისინი გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსის გამო ცამეტქულიანთა შორის პირველ ადგილზე არიან, მაგრამ მათ კუდში შვიდი გუნდი მოსდევთ: 13 ქულა აქვთ „ნიუკასლს’’, „ჩელსის’’, „ბარსელონას’’, „სპორტინგს’’ „მანჩესტერ სიტის’’ „ატლეტიკოს’’ და „ატალანტასაც’’.

პარიზელების მიერ გატანილ და გაშვებულ გოლთა სხვაობა 10-ს უდრის. ასეთივე სხვაობაა მათი მომავალი მეტოქის „ნიუკასლ იუნაიტედის’’ მიერ გატანილ და გაშვებულ გოლებს შორისაც, მაგრამ პარიზელების შედეგია 20:10, ხოლო „კაჭკაჭების’’ ― 16:6 ანუ პარიზელებს გატანილი გოლების რაოდენობა აქვთ მეტი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პსჟ-ს მხოლოდ მოგება აწყობს, წაგება კი ფაქტობრივად ფლეი-ოფის დამატებით ეტაპზე მონაწილეობის ტოლფასი იქნება.

გარდა 13-ქულიანი გუნდებისა, არიან ის გუნდებიც, რომლებსაც ცხრილში პარიზელებს სამი ან ნაკლები ქულით ჩამორჩებიან. ეს გუნდებია: „ინტერი’’, „იუვენტუსი’’, „დორტმუნდი’’, „გალათასარაი’’ და აზერბაიჯანული „ყარაბახი’’. თეორიულად მათ შეუძლიათ „პარი სენ ჟერმენს’’ გაასწრონ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. ასე მაგალითად, რა ანგარიშით უნდა მოუგოს -2 გოლიანმა „ყარაბახმა’’ ლივერპულში „ლივერპულს’’, და რა ანგარიშით უნდა წააგოს პსჟ-მ, რომ ცხრილში აზერბაიჯანელები უფრო მაღლა აღმოჩნდნენ? თუმცა, 12 ქულიანების „ინტერისა’’ და „იუვენტუსის’’, აგრეთვე 11-ქულიანი „დორტმუნდის’’ საქმე სხვანაირად არის.

საბოლოოდ, დასკვნა ასეთია: იმისათვის, რომ თავი ქუდში ჰქონდეს ბოლო ტურში „პარი სენ ჟერმენმა’’ „ნიუკასლს’’ აუცილებლად უნდა მოუგოს, რაც იოლი საქმე არ იქნება.