EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის) ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის შედეგად დგინდება მერვედფინალში გასული გუნდების ერთიანი ცხრილი, იქ კი პირველადგილოსანი მე-16 გუნდს მასპინძლობს, მე-2 – მე-15-ეს და ასე შემდეგ. ჩელენჯ თასზე მცირე განსხვავებაა, რადგან იქ სამი 6-გუნდა პულია, საიდანაც 4-4 მოწინავე პლეი-ოფში გადის, ამ 12-ეულს ჩემპიონთა თასის 4 მეხუთეადგილოსანი უერთდება, ზემოთ ხსენებულ რეიტინგში კი ისინიც ქულების რაოდენობის მიხედვით მე-9 – მე-12 ადგილებზე დგებიან და შესაბამისად, მე-5-მე-8 ადგილებზე მოთავსებულებს სტუმრად ეთამაშებიან.
ჩემპიონთა თასი
ქართველების გუნდებზე ვთქვათ:
ლევან ჩილაჩავას „კასტრი“ მერვედფინალში ინგლისურ „ნორთემპტონს“ სტუმრად შეხვდება;
გიორგი ჯავახიას „ტულონი“ პლეი-ოფის პირველ წრეში სამხრეთაფრიკულ „სთორმერზს“ უმასპინძლებს;
ლუკა ივანიშვილის „ბრისტოლ ბერსი“ სტუმრად საფრანგეთის ჩემპიონ „ტულუზს“ შეერკინება.
ქვეყნების მიხედვით კი შემდეგი სურათი გვაქვს: მერვედფინალში 7 გუნდი ინგლისს წარმოადგენს, 4 – საფრანგეთს, 2-2 – შოტლანდიასა და სამხრეთ აფრიკას, 1 – ირლანდიას.
ბორდო (საფრანგეთი) – ლესტერი (ინგლისი)
გლაზგო (შოტლანდია) – ბულზი (სამხრეთ აფრიკა)
ლენსტერი (ირლანდია) – ედინბურგი (შოტლანდია)
ბათი (ინგლისი) – სარასენსი (ინგლისი)
ნორთემპტონი (ინგლისი) – კასტრი (საფრანგეთი)
ჰარლიქუინზი (ინგლისი) – სეილი (ინგლისი)
ტულონი (საფრანგეთი) – სთორმერზი (სამხრეთ აფრიკა)
ტულუზი (საფრანგეთი) – ბრისტოლი (ინგლისი)
ჩელენჯ თასი
ამ ტურნირზე ქართველთა შედარებითი ხალხმრავლობაა:
ლუკა ჯაფარიძისა და ნიკა აბულაძის „მონპელიე“ გიორგი თეთრაშვილის, დავით ლაგვილავას, ანდრო დვალისა და გელა აფრასიძის „პერპინიანს“ უმასპინძლებს;
გიორგი მელიქიძისა და სერგო აბრამიშვილის „სტად ფრანსე“ საკუთარ მოედანზე უელსურ „დრაგონსს“ შეერკინება;
სანდრო ქუნთელიას, ნიკა სუთიძისა და დავით ნინიაშვილის „ლა როშელი“ ჩემპიონთა თასიდან გამოვარდნის შემდეგ სტუმრად ინგლისურ „ნიუკასლს“ ეთამაშება;
გურამ პაპიძის „პო“ ასევე ჩემპიონთა თასიდან დაქვეითდა და სტუმრად ჩვენს ნაცნობ „ძებრეს“ დაუპირისპირდება;
ბაჩუკი ჭუმბაძის „ექსეტერი“ ინგლისში მიიღებს ირლანდიურ „მანსტერს“.
ქვეყნების მიხედვით ჩელენჯ თასზე წარმომადგენლობა შემდეგნაირია: 5 კლუბი საფრანგეთიდანაა, 3-3 – ირლანდიიდან და უელსიდან, 2-2 – იტალიიდან და ინგლისიდან, 1 – სამხრეთ აფრიკიდან.
მონპელიე (საფრანგეთი) – პერპინიანი (საფრანგეთი)
ბენეტონი (იტალია) – კარდიფი (უელსი)
ალსტერი (ირლანდია) – ოსპრეიზი (უელსი)
სტად ფრანსე (საფრანგეთი) – დრაგონსი (უელსი)
ძებრე (იტალია) – პო (საფრანგეთი)
ნიუკასლი (ინგლისი) – ლა როშელი (საფრანგეთი)
ექსეტერი (ინგლისი) – მანსტერი (ირლანდია)
კონახტი (ირლანდია) – შარქსი (სამხრეთ აფრიკა)
მერვედფინალები 3-5 აპრილს გაიმართება.





