
აფრიკის ერთა თასს ისეთი გიჟური ფინალი ჰქონდა, რომ ყველა სხვა საფეხბურთო თემა გადაფარა. შეხვედრის ბოლო წუთებში, იმის გამო, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, სენეგალის ნაკრებმა მოედანი დატოვა. შეხვედრა მთელი 20 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, მაგრამ მსოფლიოს წინაშე უარყოფითად მაინც მაროკოელები წარმოჩნდნენ. ალბათ იმიტომ, რომ სენეგალმა მოიგო, აფრიკის ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩემპიონებს არ აკრიტიკებენ.
მეორე მხრივ, უცოდველი არც მაროკო იყო და აი, მაგალითებიც: ბურთის მომტანი ბიჭები და რამდენიმე მაროკოელი ფეხბურთელი ცდილობდნენ სენეგალის ნაკრების მეკარისთვის ედუარდ მენდისთვის პირსახოცი მოეპარათ, რათა მას ხელები ვერ გაემშრალებინა და ბურთი გასხლტომოდა. მედია წერს, რომ ჩემპიონატის მასპინძლებმა ეს „ტაქტიკა’’ ნახევარფინალში ნიგერიასთანაც გამოიყენეს.
მეტიც, შეხვედრის შემდეგ სამი სენეგალელი ფეხბურთელი დიატა, ნიანგი და პაპე მატარ სარი საკვებით მოიწამლნენ. გამოძიებას სასტუმროს სამზარეულოსთან მივყავართ.
მანამდე სენეგალმა იჩივლა, რომ რაბატის რკინიგზის სადგურზე გუნდს ჯეროვანი დაცვა არ გამოუყვეს; მათ გულშემატკივარს 67 ათასიან სტადიონზე მხოლოდ 3 000 ბილეთი მისცეს და ფინალის წინ სავარჯიშოდ ისეთ მოედანზე შეუშვეს, სადაც მაროკოს ნაკრების წარმომადგენლები იოლად გადაადგილდებოდნენ ანუ მათ შეეძლოთ ჯაშუშურად დაკვირვებოდნენ, თუ რას ამზადებდა მეტოქე.
ესპანური AS წერს, რომ ჯამში შეჯიბრება ცუდად არ იყო ორგანიზებული, მაგრამ ფინალის წინ და გარშემო ნამდვილი სიგიჟეები მოხდა. თავის მხრივ მაროკომ გადაწყვიტა ცილისწამებისთვის ფიფასა და კაფში იჩივლოს.
იყო სხვა უსიამოვნო ინციდენტებიც. ასე მაგალითად მაროკოს მეფის მოჰამედ მეექვსეს ძმამ პრინცმა რაშიდმა სენეგალის ნაკრებისთვის აფრიკის თასის გადაცემაზე უარი თქვა. სხვა სიტყვებით, გამარჯვებული არ დააჯილდოვა.
მთელი შეჯიბრების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა ლაპარაკი მსაჯობაზეც. ამბობდნენ, რომ არბიტრები მასპინძლებს ეხმარებოდნენ, რაც ყველაზე უფრო მკაფიოდ ფინალში გამოჩნდა.
ახლა ვთქვათ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. საქმე ის არის, რომ მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია მომდევნო მუნდიალთან დაკავშირებით ჩინებულად თანამშრომლობენ, მაგრამ ჯერაც არ არის გადაწყვეტილი სად გაიმართება ფინალი. ესპანელებს გადამწყვეტი მატჩის ჩატარება „ბერნაბეუზე’’ უნდათ, მაროკოელებს – კასაბლანკაში. კასაბლანკას ახალი სტადიონი ჯერაც შენდება, მაგრამ იმდენად საინტერესო პროექტია, რომ დიდი შანსია ფინალის მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტი გახდეს. საბოლოო სიტყვა ფიფას ეკუთვნის.





