„რეალის’’ შემტევმა ნახევარმცველმა ბრაჰიმ დიასმა აფრიკის ერთა თასის ფინალში სენეგალის კარში პენალტი დაარტყა. მისი შესრულებული „პანენკა’’ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს პირდაპირ ხელში მიუვიდა, რის გამოც მაროკომ საკუთარ ქვეყანაში კონტინენტის ჩემპიონობა გაუშვა ხელიდან. ამ ეპიზოდმა ისეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ დიასის შესახებ ლისაბონში ჩასულ ნუნუ მენდეშს და ლუის ენრიკესაც კი ჰკითხეს. მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში სტუმრად „სპორტინგს’’ ეთამაშება და პარიზელებმა შეხვედრის წინა დღეს სავალდებულო პრეს-კონფერენცია გამართეს.
კითხვა ჯერ მენდეშს დაუსვეს, მაგრამ თავის ქალაქში მშობლიური კლუბის წინააღმდეგ სათამაშოდ ჩასულმა პორტუგალიელმა მცველმა მასზე პასუხს თავი აარიდა: „ეს კითხვა ჯობს თავად ბრაჰიმ დიასს დაუსვათ. მე პსჟ-ზე ვარ კონცენტრირებული. თუკი ერთ მშვენიერ დღეს მომეცემა საშუალება ფინალში, ბოლო წუთებზე პენალტი დავარტყა, ვნახოთ რას ვიზამ, მაგრამ მანამდე „სპორტინგთან’’ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამჯერად ეს არის’’.
ფეხბურთელისგან განსხვავებით მწვრთნელი მაროკოელზე ლაპარაკს არ მოერიდა. ლუის ენრიკე 2021 წელს ესპანეთის ნაკრებს ედგა სათავეში და ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში დიასი სწორედ მან ათამაშა. ეს გახლდათ ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მალაგელმა ფეხბურთელმა თავისი რეალური ქვეყნის ნაკრებში ჩაატარა, შემდეგ კი რაღაცნაირად მოახერხა და მაროკოს ნაკრების ფეხბურთელი გახდა. ბრაჰიმ დიასი დედით ესპანელია, ხოლო მამით მაროკოელი. ის 16 წლამდე მალაგაში იზრდებოდა, მაგრამ მერე ინგლისში გადავიდა და „მანჩესტერ სიტის’’ აკადემიაში ვარჯიშობდა.
ლუის ენრიკე: „ჩვენ ბრაჰიმის შესახებ ავტობუსში ვლაპარაკობდით. ყველას გვახსოვს ზიდანი, ფეხბურთის ღმერთი. მან „პანენკა’’ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაარტყა. სერხიო რამოსსაც დაურტყამს ასე თერთმეტმეტრიანი მნიშვნელოვან შეხვედრაში. როდესაც გოლი გაგაქვს ვერავინ გსაყვედურობს, ყველა ტაშს გიკრავს, მაგრამ როდესაც შესაძლებლობას ხელიდან უშვებ, დიდი ნეგატივი მოდის. არადა, დიასი ძლიერი ფეხბურთელია, მე მას ვიცნობ. მე ის ესპანეთის ნაკრებში ვათამაშე. რაც მას შეემთხვა ძალიან დიდი უსამართლობაა.
მესმის, რომ ამის მიღება და ამასთან შეგუება ძნელია, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სპორტია, მეტი არაფერი. შეიძლება მოიგო ან წააგო, ამით სერიოზული არაფერი ხდება. მთავარი ის არის, ახალგაზრდებს რა მაგალითს აჩვენებ, რა ფასეულობების პროპაგანდას ეწევი. ბრაჰიმი მკვლელი ან ცუდი ადამიანი არ არის. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც რთული პერიოდი აქვს’’.





