2026 NBA Berlin Game - Memphis Grizzlies v Orlando Magic
კლოპი და „ლაიპციგის” ბელგიელი ფეხბურთელი იოან ბაკაიოკო

იურგენ კლოპის სახელი „რეალთან’’ დააკავშირეს. 58 წლის გერმანელი „ლივერპულიდან’’ 2024 წელს წავიდა. წასვლის წინ მან თქვა, რომ დიდ ფეხბურთში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის მარაგი ამოწურა, თუმცა ამ დღეებში AFP-თვის მიცემულ ინტერვიუში ჭოჭმანი დაეტყო:

„ჯერჯერობით ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც, როგორც ადამიანი, თავს კომფორტულად და მშვიდობიანად ვგრძნობ. ამწუთას სხვაგან ყოფნა არ მინდა. შეიძლება „რეალი’’ ჩემით მართლა არის დაინტერესებული, მაგრამ მე ამ ცნობას არ ავუღელვებივარ. ხმაური პრესამ წამოიწყო.

მინდა თუ არა კვლავ აქტიურ მწვრთნელობას დავბრუნდე? ამწუთას ჩემი პასუხია არა, მაგრამ კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმეს ხელს აღარასოდეს მოვკიდებ. მეეჭვება, რომ გადაწყვეტილება შევცვალო, მაგრამ დაბეჯითებით არ ვიცი’’.

შემდეგ კლოპმა ჩაბი ალონსოს „რეალის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ილაპარაკა:

„როდესაც ჩაბი ალონსოს ამბავი გავიგე ორმაგი განცდა დამეუფლა. თან გამიკვირდა და თან არა. წარმოდგენა არ მაქვს ალონსო რის გამო მოხსნეს. ასეთ გადაწყვეტილებებს ჩვეულებრივ არა ზოგადი არამედ რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო იღებენ. მწვრთნელის მოხსნა არც თავად „რეალს’’ აწყობდა, რადგან ამ გუნდში ახალი სპეციალისტის მიყვანა იოლი არ არის. თუკი ვინმე მწვრთნელის გაგდებას აპირებს, ჩემი რჩევა იქნება მისი შემცვლელი წინასწარ შეარჩიოს და თან რეალისტური კანდიდატურა მოიფიქროს. მაგალითად თუ მათ პეპ გვარდიოლას აყვანა უნდათ, მე ვეტყოდი, რომ ამის შანსი დიდი არ არის’’.

შემდეგ კლოპი ალონსოს თემას დაუბრუნდა:

„ის, რომ ჩაბი ალონსო, რომელმაც „ლევერკუზენში’’ ორ წელიწადში დაამტკიცა, რომ დიდებული მწვრთნელია, მადრიდიდან ექვს თვეში გაუშვეს, რამდენიმე მომენტზე მიუთითებს. ერთი მხრივ ეს გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ფეხბურთში დრო არ გაქვს და მეორე მხრივ – „რეალში’’ მეტისმეტად დიდი მოლოდინები აქვთ’’.

გასულ სამშაბათ კლოპი, რომელიც „რედ ბულში’’ ფეხბურთის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელად მუშაობს ბერლინში NBA-ს შეხვედრას დაესწრო „ორლანდო მეჯიკსა’’ და „მემფის გრიზლის’’ შორის.