საერთაშორისო მედიის წინაშე მას მომავალში მოუწევს წარდგომა, აფრიკის ერთა თასის ფინალის შემდეგ კი რაბატის სტადიონზე სენეგალის ნაკრების მწვრთნელის პაპე ტიავის პრეს-კონფერენცია ჩაიშალა. მიზეზი: დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა მის დაუჯერებელ გადაწყვეტილებას თამაშის მსვლელობისას გუნდი მოედნიდან გაეყვანა. ტიავი განრისხდა, რომ მსაჯმა მისი გუნდის კარში მაროკოელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. მისი აზრით დარღვევა აშკარა არ იყო ან, უფრო ზუსტად, კონტაქტი თერთმეტმეტრიანის დასანიშნად არ იყო საკმარისი. თუმცა, სენეგალელთა თავკაცმა BeIN Sports-ს მაინც მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა:

„ჩვენ მსაჯის გადაწყვეტილებას არ დავეთანხმეთ… ახლა არ მინდა შეხვედრის დეტალებს დავუბრუნდეთ, რადგან სულაც არ მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემს ფეხბურთელებს მოედნის დატოვებისკენ მოვუწოდე. ფეხბურთს ბოდიშს ვუხდი. ეს იყო ემოცია, მაგრამ მაინც უპასუხოდ რჩება კითხვა იმის შესახებ, იყო თუ არა პენალტი და მანამდე უნდა ჩათვლილიყო თუ არა გოლი, რომელიც ჩვენ გავიტანეთ და არ ჩაითვალა’’.

სენეგალელთა მოედნიდან გასვლიდან კარგა ხნის მერე, ტიავი, როგორც თვითონ ამბობს, დაფიქრდა და გუნდი მოედანზე დააბრუნა.

„ჩვენ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. ვიცი, რომ მსაჯის შეცდომები არსებობს და ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს’’, – დასძინა მან.

აუცილებლად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აფრიკის ერთა თასის მსვლელობისას ბევრმა მწვრთნელმა ილაპარაკა არბიტრების ტენდენციურობაზე მაროკოს სასარგებლოდ. ამან, „ატლასის ლომების’’ თავკაცის ვალიდ რეგრაგის აზრით მსაჯები არაჯანსაღი წნეხის ქვეშ მოაქცია.

„ჩვენ აფრიკა მსოფლიოს წინაშე სამარცხვინოდ წარმოვაჩინეთ, – თქვა მან – საკუთარ გუნდს მოედნის დატოვებისკენ მოუწოდო, ღირსეული საქციელი არ არის. დღეს სენეგალი ჩემპიონია. ვულოცავ მას, მაგრამ პაპე ღირსეულად არ მოიქცა’’.

შეხვედრა 0:0 მთავრდებოდა, მაყურებელი დამატებითი დროის სანახავად ემზადებოდა, როდესაც, 92-ე წუთზე სენეგალელებმა კუთხური ჩააწოდეს. ამას მოჰყვა გოლი მაროკოს კარში, მაგრამ კონგოელმა მსაჯმა ჟან-ჟაკ ნდალამ ბურთს კარის ხაზის გადაკვეთა არ აცადა, ისე დააჯარიმა შემტევი გუნდი, ამიტომ მან ეპიზოდი VAR-ზე ვერ გადაამოწმა. სატელევიზიო ჩანაწერში ჩანდა, რომ ჰაკიმი კონტაქტის შედეგად მეტისმეტად იოლად წაიქცა. სხვა სიტყვებით, მაროკოელი მცველის წინააღმდეგ უხეშობას ადგილი შეიძლება არც ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, კომპეტენტური აზრით, არბიტრს ბურთისთვის კარში შევარდნა უნდა ეცლია და ეპიზოდი ამის მერე ვიდეორეფერისთან გადაემოწმებინა.

ამ საკამათო მომენტიდან სამი წუთის შემდეგ უკვე მაროკომ ჩააწოდა კუთხური, რასაც საჯარიმოში ბრაჰიმ დიასის წაქცევა მოჰყვა. დიასს თითქოსდა ელ ჰაჯი მალიკ დიუფი შეეხო. მსაჯს თავიდან რეაქცია არ ჰქონია, მაგრამ „რეალის’’ წაქცეული ფეხბურთელი გაბრაზდა, VAR მსაჯს დაუკავშირდა, ეს უკანასკნელი მონიტორისკენ წავიდა, მის გარშემო კი უკვე ქაოსი დაიწყო. არბიტრმა პენალტი დანიშნა… ექსპერტების აზრით, ეს გადაწყვეტილებაც ძალიან საკამათოა.

პენალტის დანისვნას მოჰყვა არეულობა. სენეგალის ნაკრებმა მოედანი დატოვა, მაგრამ 20 წუთიანი პაუზის შემდეგ საღმა აზრმა გაიმარჯვა, ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნდნენ და… ბრაჰიმ დიასმა „პანენკა’’ ვერ გაიტანა. მან მეტისმეტად სუსტად დაარტყა. მეკარე ედუარდ მენდიმ ბურთი ძალიან იოლად დაიჭირა.

დამატებით დროში, კერზოდ მატჩის 94-ე წუთზე „ვილიარეალში’’ ჟორჟ მიქაუტაძის თანაგუნდელმა პაპე გუეიემ სენეგალელთა გამარჯვების გოლი შეაგდო.