AS: „მან ბრწყინვალედ შეიგდო ბურთი საჯარიმოში, მაგრამ გამჭოლი გადაცემა კარგად ვეღარ შეასრულა. მოგვიანებით ალფონსო პედრასას პასს მშვენიერი დარტყმა მიაყოლა, თუმცა ამ ეპიზოდში ალვარო ვალესმა აუღო. რაც დრო გადიოდა მისი თამაში უფერულდებოდა’’.

ეს სიტყვები გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძეზე დაწერა. ქართველი თავდამსხმელის „ვილიარეალმა’’ „ბეტისთან’’ 0:2 წააგო. სევილიელებისთვის ეს გამარჯვება შინ ბოლო ექვს შეხვედრაში მეორე იყო. მისი წყალობით მანუელ პელეგრინის გუნდმა ევროთასებზე გამსვლელი ადგილის დაკავებისკენ გადადგა ნაბიჯი.

„ვილიარეალისთვის’’ კი შეხვედრა უიღბლო გამოდგა. ამის დასტურია, რომ 76-ე წუთზე არგენტინელი ჯოვანი ლო სელსოს წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან სანტი კომესანია გააძევეს. უნდა ითქვას, რომ ლო სელსოს მთელი შეხვედრის განმავლობაში შეხლა-შემოხლა ჰქონდა სტუმარი გუნდის ფეხბურთელებთან.

მატჩის შემდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მარსელინომ თქვა: „ეს იყო თანაბარი თამაში რომლის ბედიც წვრილმანებმა გადაწყვიტა. პირველ ტაიმში ჩვენ გვქონდა ორი აშკარა საგოლე მომენტი და წამოვიწყეთ რამდენიმე იმედისმომცემი შეტევა, მაგრამ ზუსტი ბოლო პასის გადაწოდება ვერ შევძელით. მეტოქეს ერთი მომენტი ჰქონდა, ოღონდ ბურთს ჩვენზე მეტად ფლობდა. შესვენების შემდეგ ინიციატივა ჩვენი გახდა, მაგრამ დაცვიდან ბურთის ერთმა არასწორმა გამოტანამ მოწინააღმდეგეს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა. ამის მერე გონს მოვეგეთ, ანგარიშის გათანაბრების შანსიც გვქონდა, მაგრამ კვლავ შევცდით. ამჯერად უხეშობისთვის ჩვენი ფეხბურთელი გააგდეს, რაც თანამედროვე ფეხბურთში ნიშნავს, რომ ვეღარ მოიგებ. მერე მეორე გოლიც გავუშვით. ეს სიტუაცია უკვე მერამდენედ მეორდება. მომავალში მას რამენაირად თავი უნდა დავაღწიოთ’’.

მიქაუტაძის თამაში საიტებმა ასე შეაფსეს: flashscore – 6.2 (მეტი „ვილიარეალის’’ ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო);

sofascore – 6.4 (მეტი ექვსმა ფეხბურთელმა მიიღო);

whoscored – 6.3 (მეტი ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო);

fotmob – 6.5 (მეტი ხუთმა ფეხბურთელმა მიიღო).

სამშაბათს „ვილიარეალი’’ ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსს’ მასპინძლობს.