„ლივერპულმა’’ მორიგი იმედგაცრუება განიცადა, შინ „ბარნლისთან’’ 1:1 ითამაშა. „წითლები’’, რომლის კარს პრემიერლიგის შეხვედრებში ალისონ ბეკერი იცავს და არა გიორგი მამარდაშვილი ფლორიან ვირტცმა დააწინაურა. მანამდე დომინიკ სობოსლაის შეეძლო გოლის შეგდება, მაგრამ პენალტი ხარიხას გაარტყა, სტუმართა თავდამსხმელმა მარკუს ედვარდსმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა. „ლივერპული’’ ბურთს და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამან პრაქტიკული შედეგი ვერ მოიტანა. მეტოქეებმა ქულები თანაბრად გაიყვეს. 22 ტურის შემდეგ მერსისაიდელები 36 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, მაგრამ მესამე ადგილზე მყოფ „ასტონ ვილას’’, რომელიც დღეს „ევერტონს’’ მასპინძლობს და მონაგარისთვის სამი ქულის მიმატება შეუძლია, 7 ქულით ჩამორჩებიან. დაბლა კი უსიამოვნო სიმჭიდროვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ლივერპულის’’ ქომაგების საიმედოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გუნდი ყველა შეჯიბრებაში უკვე 12 შეხვედრაა არ დამარცხებულა.
ტრადიციულად საინტერესოა რა შეფასება მიიღო მამარდაშვილის კონკურენტმა, მერსისაიდულ მედიაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ შერაცხულმა ალისონმა.
Liverpoolecho-მ მას 6 დაუწერა. ამ პორტალის აზრით ლივერპულელებმა ან 6-ზე ითამაშეს ან 7-ზე. სხვა შეფასება არ დაწერილა. სიტყვიერად კი საიტმა ბრაზილიელი ასე შეაფასა: „ბურთის ფეხით განაწილებაში პერიოდულად ცოტა დაუდევარი იყო, მაგრამ იმ ეპიზოდში, როდესაც იბრაჰიმა კონატეს თავის კარში გოლი გაჰქონდა, გუნდი გადაარჩინა. ოდნავ მოწყვლადი აღმოჩნდა „ბარნლის’’ გოლის დროს’’.
მეკარეს Thisisanfield-მაც 6 დაუწერა: „ალისონი ხშირად არ შეუწუხებიათ, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდი იბრაჰიმა კონატეს ავტოგოლისგან იხსნა. „ბარნლის’’ გოლს ვერაფერს უზამდა. ფეხით თამაშში კვლავ არ იყო საუკეთესო. იქნებ მუხლის მყესების უამრავი ტრავმის ბრალია?’’
ბეკერს Liverpool.com-ის აზრითაც 6 ქულა ეკუთვნოდა: „პირველი ტაიმის შუამდე ის ბურთს ფაქტობრივად არ შეხებია, შემდეგ კი უხეში შეცდომის გამო ბურთი დაკარგა. ედვარდსის გოლს ვერაფერს უზამდა. ერთ ეპიზოდში გუნდი იბრაჰიმა კონატეს ავტოგოლისგან იხსნა’’.
Flashscore – 6.5 (მასზე დაბალი ქულა მხოლოდ უგო ეტიკიტემ და 78-ე წუთზე შესულმა ენდი რობერტსონმა მიიღეს).
whoscored – 6.2 (სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებიდან ყველაზე დაბალი შეფასება).
sofascore – 6.1 (ყველაზე დაბალი შეფასება ბოლო 3 წუთით შესულ კიეზასთან ერთად).
fotmob – 5.8 (ყველაზე დაბალი შეფასება).





