ევროპის ჩემპიონატი ხელბურთელთა შორის გუშინ დაიწყო, ხოლო საქართველოს ნაკრები საქმეში დღეს ჩაერთო. მეტოქე სერიოზული იყო – ხორვატიის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
თამაში ძალიან მაგრად დავიწყეთ. შეტევაშიც და დაცვაშიც თითქმის ყველაფერი გამოგვდიოდა და მე-19 წუთისთვის 12:6 დავწინაურდით. თუმცა, ტაიმი მაინც წავაგეთ – 14:15.
შესვენების შემდეგ ხორვატები სამი ბურთით გაგვექცნენ, მაგრამ შემოტრიალება მოვახერხეთ და წინაც გავედით. თითქმის თამაშის ბოლომდე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა – ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან – მეორე. თუმცა, ბოლოს კლასმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანა. ბოლო წუთებზე ბალკანელები რომ დაწინაურდნენ, მერე ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და 32:29 გვაჯობეს.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 19 იანვარს მასპინძელ, შვედეთის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს.





