„რეალი’’ ზაფხულისთვის ემზადება, როდესაც ერთ წელიწადში მესამე მწვრთნელის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. რამდენიმე დღის წინ ალვარო არბელოამ ჩაბი ალონსოს დატოვებული თანამდებობა ჩაიბარა, მაგრამ არ არსებობს რაიმე გარანტია, რომ ის შემდეგ სეზონშიც „ლოს ბლანკოსის’’ სათავეში იქნება. თუ რაიმე კოშმარი არ დატრიალდა არბელოას მიმდინარე სეზონში აცლიან და თავის გამოჩენის შესაძლებლობას მისცემენ, მაგრამ პარალელურად ფლორენტინო პერესი და მისი დირექტორატი ახალი მწვრთნელის შერჩევითაც იქნებიან დაკავებულები.
სახელი, რომელმაც კულუარებიდან გამოჟონა გახლავთ იურგენ კლოპი, „დორტმუნდისა’’ და „ლივერპულის’’ ყოფილი თავკაცი. დაიწერა, რომ თუ „რეალი’’ გერმანელს წინადადებით მიმართავს, ის საკითხს სერიოზულად მიუდგება.
Euro Leagues პოდკასტში გამოსვლისას ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ დაადასტურა, რომ „რეალს’’ კლოპის სამსახურში აყვანა უნდა. მისი თქმით ეს უეჭველი ფაქტია. იმავდროულად ბალაგემ დასძინა, რომ „რეალის’’ პრეზიდენტი ის კაცია, რომელიც პასუხად არას ვერ ეგუება.
„ლივერპულიდან’’ წასვლის შემდეგ კლოპი „რედ ბულის’’ პროგრამის „გლობალ სოკერის’’ ხელმძღვანელი იყო და დაჟინებით იმეორებდა, რომ სხვა სამსახურს არ ეძებდა. ასეთი მტკიცების მიუხედავად მასთან ყველაზე მეტად ორ გუნდს, „რეალს’’ და გერმანიის ნაკრებს აკავშირებენ. გერმანელი ჟურნალისტი რაფაელ ჰონიგშტაინი იგონებს, რომ კლოპმა „რეალზე’’ ადრე უკვე თქვა უარი. მიზეზი: „ესპანურად ვერ ვლაპარაკობ და გუნდიც უკვე მყავს’’.
მას მერე დრო გავიდა. დღეს კლოპი მალიორკაზე ცხოვრობს და ესპანურს სწავლობს. ჰონიგშტაინის თქმით, ის „რეალის’’ ხსენებაზე ძველებურად კატეგორიულიც არ არის.





