ერთმატჩიანი უქმობის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტოს“ დაუბრუნდა, კანადური გუნდი კი შინ „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ ოვერტაიმიან ბრძოლაში 117:121 დამარცხდა.
მამუ მოედანზე სათადარიგოთად შევიდა და 22.10 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შეაშველა. სანდრომ ექვსივე ორქულიანი და ერთადერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამივე სამქულიანი არაზუსტად ისროლა. პასივში ასევე ერთი დაკარგვა ჰქონდა, მაგრამ მისი მოედანზე ყოფნისას „ტორონტომ“ მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ახლა „ტორონტო“ 24 მოგებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, მეორე „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ითამაშებს.






