სამწუხაროდ, „შავ ლომს“ იტალიური „ძებრეს“ დასამარცხებლად არც ძალა ეყო, არც კლასი და არც იღბალი – ქართული ფრენჩაიზი ჩელენჯ თასის გათამაშებას 14:28 მარცხით დაემშვიდობა, სტუმრებმა კი მერვედფინალის საგზური, მართალია, მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც კომფორტულად მიიღეს.

არადა, თამაში ისე დამაიმედებლად დაიწყო… ჩვენებმა თავიდანვე შეუტიეს და მესამე წუთზე დერეფანში ბურთი მოიგეს, რომელიც კვაჭ ირაკლი ქვათაძეს მოლში დაუბრუნდა, იქ კი ამ უკანასკნელმა საჭირო მომენტში მოთამაშეთა მასას მოწყდა. ლუკა ცირეკიძემ კარგად გარდასახა – 7:0.

„შავი ლომის“ ამგვარი დომინაცია კიდევ გარკვეულ ხანს გაგრძელდა, შემდეგ კი ინიციატივა იტალიელებმა გადაიბარეს, რომლევმაც ორი ლელო გაგვიტანეს, თანაც ორივე – მოგებული დერეფნის შემდეგ. ორივე ლელოს გარდასახვა ზუსტი გამოდგა და იტალიელები 14:7 დაწინაურდნენ.

ტაიმის მიწურულისკენ ქართველები კვლავ გააქტიურდნენ, სულ ბოლოს კი ქვათაძემ დუბლი შეასრულა, რომელიც ცირეკიძემ უნაკლოდ გარდასახა – 14:14. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ და იმედი გაჩნდა, რომ მე-2 ნახევარში „შავი ლომი“ იტალიელების წინააღმდეგობას საბოლოოდ გატეხს.

თუმცა, რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ჩვენი ბიჭები მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ტოტალურ შეტევაზე გადავიდნენ, მრავალი სალელოვე შანსი შექმნეს, მაგრამ ვერცერთი გამოიყენეს. ერთ მომენტში ლელო თითქოსდა უნდა დაფიქსირებულიყო კიდეც, მაგრამ მოშვიდკაცე ფრანგმა რეფერიმ ევან ურუზმენდიმ ვერ დაინახა თუ არ დაინახა, რთული სათქმელია. ვერც რუმინელმა ვიდეორეფერიმ მოახდინა რეაგირება. მერე კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იყო, თუმცა, წაგებას მსაჯს ვერ გადააბრალებ. ტაიმის ბარე ნახევარი რომ დომინირებ და შედეგს ვერ აღწევ, მარტო რეფერის გამო ვერ იქნება. ჰოდა, როცა ჩვენებმა ძალები და ემოცია გახარჯეს, იტალიელებმა თამაშის დასრულებამდე 16 წუთით ადრე კვლავ დერეფანში ყოჩაღობით დაგვიდეს ლელო, ხოლო გაწითლებულ დროში მე-4 ლელოც მიითვალეს, რაც შემტევი ბონუსის მომტანი იყო და საბოლოოდ „შავმალომმა“ სატურნირო ქულა საერთოდ ვერ აიღო, „ძებრემ“ კი აქტივი 5 ქულით გაიმდიდრა.

უნდა ვაღიაროთ, რომ „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე 3-წლიანი მოღვაწეობა წარუმატებლად დაასრულა – თითო სეზონში თითო გამარჯვება წინსვლას არ ნიშნავს.