პირდაპირ ვთქვათ, ხვიჩა კვარაცხელიას „ლილთან’’ შეხვედრა, რომელშიც ოსმან დემბელემ ორი ჩინებული გოლი შეაგდო, ხოლო მისმა „პარი სენ ჟერმენმა’’ 3:0 მოიგო, არ გამოუვიდა. მიზეზს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ძნელია გააკრიტიკო საიტი maxifoot რომელმაც ქართველს 4 ქულა დაუწერა (მასზე დაბალი შეფასება მხოლოდ სენი მაიულუს ერგო – 3) და სიტყვიერად ასე დაახასიათა:
„გარემარბმა უნდილი შეხვედრა ჩაატარა. როდესაც ქართველი ბურთს იღებდა, რაიმე ქმედებებს იშვიათად მიმართავდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ერთი ეპიზოდი პირველ ტაიმში, როდესაც ის მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეძვრა, მაგრამ ამ ამ მომენტმაც არაფერი მოიტანა. ეს იყო იმედგაცრუება. 63-ე წუთზე კვარაცხელია ბრედლი ბარკოლამ შეცვალა, რომელმაც პსჟ-ს მესამე გოლი გაიტანა’’.
Footmercato-მ კვარაცხელიას, მაიულუსა და რუისს ერთნაირად 4.5 ქულა დაუწერა. ქართველი გარემარბის თამაში საიტმა ასე აღწერა: „მისთვის ეს იყო იმედის გამაცრუებელი თამაში. მას ეწყინა როდესაც შეცვალეს, მაგრამ თავის თავზე უნდა გაბრაზებულიყო, რადგან ჩვეულებრივი ბრწყინვალება დაკარგული ჰქონდა. დაცვაში მონდომებით ირჯებოდა და თანაგუნდელებთან კომბინირებდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა იმისათვის, რომ თამაშისთვის კვალი დაეჩნია. ტიაგო სანტოსის ზეწოლის ქვეშ მოქცეულმა პარიზელთა შვიდმა ნომერმა შეხვედრაზე გავლენა ფაქტობრივად ვერ იქონია. მისი თამაში იოლად დასავიწყებელი იყო’’.
კვარაცხელიას შეფასებები: Flashscore – 6.6; sofascore – 6.8; whoscored – 6.6; fotmob – 7.0.
მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოხატა: „დღეს უბრალოდ გაგვიმართლა. ჩვენ სამი გოლი გავიტანეთ, რაც ასეთი თამაშისთვის გასაკვირი იყო. წინა შეხვედრაში კი „პარიზთან’’ ერთიც ვერ შევაგდეთ. ეს ფეხბურთია. „ლილი’’ სამი ბურთით წაგებას არ იმსახურებდა. მას მეტი ეკუთვნოდა. იმისათვის, რომ ჯილდოები მოვიგოთ დაცვაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. ამ ასპექტს მთელმა გუნდმა უნდა მიხედოს. „ლილი’’ ჩვენს ზეწოლას იოლად უმკლავდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრის განმავლობაში მობილიზებულები ვიყოთ. საკმარისია ოდნავ მოეშვა და მყისვე პრობლემებს აწყდები. ეს შეხვედრა კარგი მაგალითი იყო იმის დასანახად, თუ რა უნდა შევცვალოთ. ვიმეორებ, ყველაზე სახიფათო იყო ჩვენი თამაში დაცვის ფაზაში’’.
Footmercato იხსენებს პირველი ტაიმის ეპიზოდს, როდესაც ესპანელი მწვრთნელი თავისი ფეხბურთელებისთვის საყვედურის სათქმელად წინ გიქცა და ეშხში შესულმა ვეც კი შეამჩნია ლილელ კოლეგასაც რომ ჩაურბინა. პორტალის მტკიცებით, ლუის ენრიკე ამ ეპიზოდში კვარაცხელიათი და დეზირე დუეთი იყო უკმაყოფილო. თითქოს მას თავდამსხმელების პრესინგში მონაწილეობის ინტენსივობა არ მოეწონა.





