Breaking News

გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან

„თავს კარგად ვგრძნობ. მართალია ბოსნიაში დასვენებაა, მაგრამ მე ვარჯიში არ შემიწყვეტია, გუშინ კი საშუალება მომეცა უკვე ახალ თანაგუნდელებთან ერთად მევარჯიშა. მზად ვარ როგორც კი მწვრთნელს დავჭირდები საქმეში ჩავერთო. მინდა „რასინგის’’ პროექტის ნაწილი გავხდე. მომეცა საშუალება ხოსე ალბერტოსთან (მწვრთნელთან) მელაპარაკა. მან კარგად მიმიღო, მაგრამ ტაქტიკურ საკითხებზე დეტალურად ჯერ კიდევ დავილაპარაკებთ’’, ― თქვა გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ლიდერში გადასვლის შემდეგ, წუხელ კი სამეფო თასზე თვით „ბარსელონას’’ წინააღმდეგ ჰქონდა დებიუტი. მერვედფინალის შეხვედრა სანტანდერში სტუმრების გამარჯვებით 2:0 დამთავრდა.

„ბარსელონა’’ „ელ სარდინეროზე’’ თითქმის 14 წელიწადია არ ჩასულა. სტადიონი, რომელზეც 22 481 მაყურებელი ეტევა სავსე იყო, მაგრამ ამაში სიახლე არაფერია. რაც 2025-26 წლების სეზონი დაიწყო „რასინგის’’ თამაშებს ხალხი მრავლად ესწრება და განწყობა სულ საზეიმოა.

ხოსე ალბერტოს ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მრისხანე მეტოქეს ტოლი შეძლებისდაგვარად არ დაუდეს. „ბარსამ’’ გოლის გატანა 65-ე წუთამდე ვერ მოახერხა, მეორე კი მსაჯის წამატებულ წუთებზე, 90+5 წუთზე შეაგდო. პირველი გოლის ავტორი გახლდათ ფერან ტორესი, ხოლო მეორის ლამინ იამალი. შუალედში მასპინძლებს გათანაბრება შეეძლოთ.

გულიაშვილმა მოედანზე 60 წუთი დაჰყო. მე-20 წუთზე მან სულეიმან კამარას პასი მიიღო და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარე ხოან გარსიამ აუღო.

Flashscore-მა გულიაშვილს 6.1 ქულა დაუწერა, რაც დებიუტანტის კვალობაზე ცუდი არ უნდა იყოს, რადგან მთელს გუნდს დაახლოებით იგივე შეფასება ჰქონდა – ერთი ან ორი მეათედით მეტი თუ ნაკლები.

Sofascore-ს შეფასებით ქართველმა 6.3 მიიღო, ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იმდენი, რამდენიც მთელმა გუნდმა.

Fotmob-მა გულიაშვილს შედარებით ნაკლები, 5.9 ქულა დაუწერა.

პაპუნა კედია

"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.