
პირველად 2004 წლის შემდეგ და ისტორიაში მესამედ მაროკოს ნაკრები აფრიკის ერთა თასის ფინალში გავიდა. საამისოდ შეჯიბრების მასპინძლებმა ნახევარფინალში პენალტებით ნიგერია დაამარცხეს. მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ნიგერიელებმა ნახევარფინალი ცუდად ითამაშეს, მაგრამ აშრაფ ჰაკიმისა და მის გუნდს საქმე საპენალტე ციებ-ცხელებამდე მაინც მიუყვანეს.
პრესაში ამ მატჩს ნაადრევ ფინალს უწოდებდნენ. მიზეზი: მოედანზე ერთდროულად იდგა „შავი კონტინენტის’’ ბოლო სამი წლის სამივე საუკეთესო ფეხბურთელი: ჰაკიმი (2025), ადემოლა ლუკმენი (2024) და ვიკტორ ოსიმენი (2023).
„ატლასის ლომების’’ აღმაფრენა ტრიბუნების დიდმა მხარდაჭერამ გააორმაგა. მაროკოელი გულშემატკივარი კიდევ უფრო მეტი ენერგიით ხმაურობდა ვიდრე ოთხი დღის წინ კამერუნთან მეოთხედფინალში.
მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას. ნიგერიელები აქამდე ტურნირის ყველაზე ეფექტურ გუნდად რომ წარმოჩნდნენ, ამჯერად საკუთარი თავის ჩრდილსაც არ წარმოადგენდნენ. სად ნახევარფინალის ნიგერია და სად ის გუნდი მეოთხედფინალში ალჟირი რომ გაბრდღვნა. ის კი არა, მაროკოელთა ენერგიულმა თამაშმა ნაკრები, რომელსაც შეჯიბრებაში ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, მეტწილად თავის ნახევარს მიაჯაჭვა. იასინ ბონოს მიერ მე-14 წუთზე მოგერიებული დარტყმის მეტი „ატლასის ლომების’’ კართან გასახსენებელი არაფერი მომსდარა. მოედნის გადაღმა კი გოლების გატანა შეეძლოთ ორჯერ ბრაჰიმ დიასს, ელ-ქააბის, ჰაკიმის, საიბარის და ეზლზულის.
პენალტებში ნიგერიელებმა ორჯერ ააცილეს, ხოლო მაროკოელებმა ერთხელ.
მეორე ნახევარფინალში კი სადიო მანეს სენეგალმა მო სალაჰის ეგვიპტეს 1:0 მოუგო. გოლის 78-ე წუთზე სწორედ 33 წლის მანემ გაიტანა. განმეორდა იგივე, რაც აფრიკის ერთა თასის 2022 წლის ფინალსა და იმავე წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში – „ტრეგანას ლომებმა’’ „ფარაონები’’ მანეს გოლით დაამარცხეს. ეს გახლდათ სანეს მე-11 გოლი აფრიკის ერთა თასის ფინალურ ეტაპებზე.
მანამდე კი შეხვედრა მოსაწყენი იყო. ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო: სტატისტიკა მეტყველებს, რომ ამ ორი ქვეყნის ნაკრებთა ბოლო ოთხი დაპირისპირება ან 1:0 მთავრდებოდა ან – 0:0.
ფინალში, რომელიც 18 იანვარს რაბათში გაიმართება და სადაც ერთმანეთს მაროკო და სენეგალი შეხვდებიან ვერ ითამაშებს სენეგალელთა კაპიტანი კალიდუ კულიბალი, რომელმაც ნახევარფინალში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო.
წინა დღეს მესამე ადგილისთვის კასაბლანკაში ერთმანეთს ეგვიპტე და ნიგერის დაუპირისპირდებიან.





