სრული სირცხვილი – ასეთი იყო მადრიდული მედიის რეაქცია ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალის’’ მარცხზე „ალბასეტესთან’’, რომელიც ლა ლიგა 2-ში მე-17 ადგილზეა. წაგებას ორმაგად მწარე გემო იმიტომ ჰქონდა, რომ ეს იყო „ლოს ბლანკოსის’’ ახალი მწვრთნელის ალვარო არბელოას პირველი თამაში. მან რამდენიმე დღის წინ ჩაბი ალონსო შეცვალა და კლუბის ხელმძღვანელებს ეგონათ, რომ მდგომარეობას მყისვე გამოასწორებდა. მათ სამწუხაროდ არბელოას დანიშვნამ დაუყოვნებლივი ეფექტი ვერ გამოიღო. გუნდმა ცუდად ითამაშა.
რასაკვირველია მადრიდელებს ფეხბურთელები აკლდათ. მაგალითად, არ იყო ტრავმირებული კილიან მბაპე, მაგრამ ამას მეორე დივიზიონის მეჩვიდმეტე გუნდთან მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა. გუნდს გამარჯვების წყურვილი აკლდა. „თეთრები’’ თამაშის მიწურულს 1:2-ს აგებდნენ. 90+1 წუთზე მათ ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ 90+4 წუთზე კიდევ ერთი გაუშვეს, 2:3 დამარცხდნენ და თასის გათამაშებას გამოეთიშნენ.
მატჩის შემდეგ არბელოამ თქვა: „ჩვენს კლუბში წაგება კი არა, ფრეც კი ტრაგედიას ითვლება. ახლა წარმოიდგინეთ რად ჩაითვლება ასეთი დამარცხება… ქვედა ლიგის გუნდთან… თუკი ამ მარცხის გამო ვინმეს პასუხისმგებლობა ეკისრება, ეს მე ვარ. შემადგენლობა ხომ მე შევარჩიე, თამაშის სტილი მე განვსაზღვრე და შეცვლებიც ჩემზე იყო დამოკიდებული. მინდა მადლობა ვუთხრა ფეხბურთელებს გულთბილი შეხვედრისთვის. ჩვენ მათ ფიზიკური და მორალური ძალების აღდგენაში აუცილებლად დავეხმარებით’’.
აღსანიშნავია, რომ არბელოამ „ალბასეტესთან’’ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიყვანა – 21 წლის მარჯვენა მცველი დავიდ ხიმენესი და 19 წლის შუა ნახევარმცველი ხორხე კესტერო სანჩო.
ახალმა მწვრთნელმა განაგრძო: „დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორი შემადგენლობა შევარჩიე და თადარიგშიც შესაფერისი ხალხი მეჯდა. ჩემს განკარგულებაში ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ასე ერთ დღეში ახალი მწვრთნელის ახალი დავალებების ზედმიწევნით შესრულება ადვილი არ არის. ვიმეორებ, წაგებაზე პასუხისმგებლობას სრულიად ვიღებ საკუთარ თავზე. ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანი მუშაობის განახლება და მოთამაშეების საუკეთესო ფორმაში შეყვანაა. ბევრმა ფეხბურთელმა ფიზიკური ფორმა უნდა გაიუმჯობესოს და შაბათის ტურს მზად შეხვდეს. მე ხელის მოცარვის არ მეშინია და მესმის იმ ხალხის, ვისთვისაც ეს წაგება ჩავარდნა იყო. ჩემი აზრით მარცხი წარმატების წინაპირობაა. ის მე წინსვლის საშუალებას მომცემს. ცხოვრებაში ბევრი ჩავარდნა მქონია. ახლა ერთი სული მაქვს ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე მივიდე და ბიჭებთან ერთად მუშაობას შევუდგე’’.
17 იანვარს „რეალი’’ „ლევანტეს’’ ხვდება.





