„ლივერპულის’’ შოტლანდიელმა მცველმა ენდი რობერტსონმა თქვა, რომ დომინიკ სობოსლაიმ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. მიზეზი: უხეში შეცდომა, რომლის გამოც ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ბარნსლიმ’’ გიორგი მამარდაშვილის კარში გოლი გაიტანა. შეხვედრა დასრულდა 4:1 „წითლების’’ სასარგებლოდ, მაგრამ მკაცრმა ინგლისურმა მედიამ უნგრელი ვარსკვლავის შეცდომა განსჯის საგნად აქცია. არადა, სობოსლაიმ იმავე შეხვედრაში ჩინებულად გახსნა ანგარიში და თან ეს იყო მისი კარიერის მეასე გოლი.
„ბარნსლის’’ გოლი მოჰყვა უნგრელის გადაწყვეტილებას საჯარიმოში ქუსლით ეთამაშა, რაც არ გამოუვიდა და „ლივერპულის’’ ბავშვთა აკადემიის აღზრდილ ადამ ფილიპსს, რომელიც ახლა „ბარსნლის’’ ფეხბურთელია, მარტივი გოლის გატანის შესაძლებლობა მიეცა. ასე გახდა ანგარიში 2:1. სხვაობის შემცირებამ მოწინააღმდეგეს 84-ე წუთამდე ანგარიშის გათანაბრების იმედი დაუტოვა, თუმცა ბოლო ათ წუთში „ლივერპულმა’’ ორი გოლი შეაგდო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
საინტერესოა, რომ სობოსლაის საქციელმა მეტოქის მწვრთნელი კონორ ჰურიჰანიც აღაშფოთა ― ეს ჩვენს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა იყოო. „ლივერპულის’’ თავკაცმა არნე სლოტმა კი თქვა, რომ თავის 8 ნომერს დაელაპარაკება.
რობერტსონი: „იმ მომენტში ყველამ რაღაც ვთქვით, მაგრამ შესვენებისას სობოსლაი წამოდგა და ბოდიში მოგვიხადა. თუკი ამ სეზონში „ლივერპულში’’ არის ფეხბურთელი, რომელიც კრიტიკას არ იმსახურებს ეს დომია. ის ყველა შეხვედრაში 100 პროცენტით იხარჯება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღება მხოლოდ ერთხელ მოადუნა. მეორე მხრივ ასეთი ფუფუნების უფლება ეგრეთწოდებულ მნიშვნელოვან შეხვედრებში ჩვენ არ გვაქვს. ამ სეზონში მოწინააღმდეგეებს ისედაც ბევრი გოლის გატანის საშუალება მივეცით და ხშირად დავისაჯეთ – ხან წავაგეთ, ხან ფრედ ვითამაშეთ.
ის, რომ „ბარნსლის’’ საჩუქარი მივართვით მსუბუქი ნათქვამია. ყველაზე საწყენი ის არის, რომ დომმა მეტოქისთვის ბურთის წასართმევად ნახევარი მოედანი ირბინა, რისთვისაც ტაში დაუკრეს და შეიძლება ეს აუვარდა თავში. ახლა ამაზე შეგვიძლია ვიხუმროთ, მაგრამ ზოგადად ასეთი გოლის გაშვება დაუშვებელია.
არ მგონია გიო (მამარდაშვილი) ამ ეპიზოდით კმაყოფილი დარჩენილიყო. მას ყოველთვის უნდა, რომ კარი მშრალად შეინახოს. იგივე უნდა დაცვას, ასე რომ, კარგი არაფერი მომხდარა’’.





