„ლივერპულმა’’ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ოცდამეთორმეტედფინალში ლიგა ერთის ანუ ქვეყნის მესამე დივიზიონის მეჩვიდმეტე გუნდ „ბარნსლის’’ 4:1 მოუგო და მეთექვსმეტედფინალში გავიდა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო საინტერესო, რომ მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა.
თავიდან დომინიკ სობოსლაიმ და ჯერემი ფრიმპონგმა „ლივერპული’’ ორი ბურთით დააწინაურეს. შემდეგ, შესვენებამდე 5 წუთით ადრე სობოსლაი უხეშად შეცდა, რითაც ისარგებლა ადამ ფილიპსმა და სხვაობა შეამცირა, ბოლო წუთებში კი ფლორიან ვირტცმა და უგო ეკიტიკემ „წითლების’’ მონაგარს მესამე და მეოთხე დაამატეს, თან ვირტცს საგოლე პასი ეკიტიკემ მიაწოდა, ხოლო ეკიტიკეს ვირცმა. რაკი სიტყვამ ასისტენტების ვინაობა მოიტანა დავძინოთ, რომ პირველი ორი გოლის დროს სობოსლაისა და ფრიმპონგს პასები ალექს მაკალისტერმა მიაწოდა.
მეთექვსმეტედფინალში „ლივერპული’’ პრემიერლიგელ „ბრაიტონს’’ შეხვდება. მატჩი 14 ან 15 თებერვალს გაიმართება და მამარდაშვილსაც შემდეგი თამაში ალბათ მაშინ მოუწევს.
ინგლისურმა და საერთაშორისო საიტებმა ქართველი მეკარე ასე შეაფასეს:
Liverpoolecho – 6: თავიდან კეილორ-დანის თავური მისი კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი ბლენდის დარტყმული მოიგერია. მეორე ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონდა.
Thisisanfield – 6: მისი ოსტატობა სულ ერთი-ორჯერ შეამოწმეს და ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს კარგად ითამაშა, მეტოქის დარტყმული მოიგერია. დომინიკ სობოსლაის შეცდომის შემდეგ ვერაფერს იზამდა. შესამჩნევად გაუმჯობესდა მისი ფეხით თამაში და ბურთის განაწილება.
Liverpool.com – 7: ქვეყნის თასები ქართველისაა და ამ შეხვედრაში ის პერიოდულად საჭირო იყო. ორიოდ ეპიზოდში მან მეტოქის დარტყმები ჩინებულად მოიგერია. საკმაოდ კარგად თამაშობდა ფეხითაც. რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებია.
flashscore – 6.8, whoscored – 6.3, sofascore – 6.5, fotmob – 6.6.





